„ჩვენი სურვილი არ ყოფილა ეს, იძულებულები გავხდით“ - კახა კალაძე რუსულ „მეტროვაგონმშანისგან“ ვაგონების შესყიდვაზე

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებით, იძულებულები გახდნენ, რომ მეტროსადგურებისთვის ვაგონები რუსული კომპანია „მეტროვაგონმაშისგან“ შეეძინათ.

როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მუშაობდნენ იმისთვის, რომ აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაეწყვიტათ, მაგრამ ვერანაირი რესურსი ვერ გამოინახა, რომ „ჩვენ, ან დაჯარიმების გარეშე გამოვსულიყავით ამ სიტუაციიდან, ან ფინანსური პრობლემა არ შეგვქმნოდა“.

„ჩემთვის ყველაზე მთავარია ჩემი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. რაც შეეხება აღნიშნულ ტენდერს, ეს ტენდერი 2020, თუ 2021 წელს გამოცხადდა და 2021 წლის ნოემბერში გვყავდა აღნიშნული კომპანია გამარჯვებული, ამასთან, ტენდერს დედაქალაქის მერია არ ატარებდა, ევროპული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ატარებდა, კერძოდ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მათი წესებით მოხდა კონკრეტული გამარჯვებულის გამოვლენა. ამის შემდეგ დაიწყო ომი უკრაინაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ EBRD-თან ერთად ვმუშაობდით, თუ როგორ უნდა მოგვეხერხებინა და შეგვეწყვიტა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან {„მეტროვაგონმაშთან}, რომელიც არ არის სანქციების ქვეშ. ვერანაირი რესურსი ვერ გამოინახა, რომ ჩვენ, ან დაჯარიმების გარეშე გამოვსულიყავით ამ სიტუაციიდან, ან ფინანსური პრობლემა არ შეგვქმნოდა. ჩვენ EBRD-თან ერთად ყველანაირი ფინანსური რისკი ავარიდეთ სახელმწიფოს. თუ ისინი დასანქცირდებიან, ჩვენ ყველანაირად დაზღვეულები ვართ, საქართველოს არანაირი ჯარიმა და ხარჯი არ ექნება. ჩვენი სურვილი არ ყოფილა ეს, იძულებულები გავხდით“,- აღნიშნა კალაძემ.