ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

"ბიბისის" ცნობით, გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესახებ ავსტრალიის მთავრობამ ჯერ კიდევ სექტემბერში დააანონსა. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯულია ბიშოფი აცხადებს, სანქციები ევროკავშირის, აშშ-ისა და კანადის მიერ დაწესებული შეზღუდვების მსგავსია. კერძოდ, ის შეეხება სავაჭრო, ფინანსურ, ნავთობის და გაზის სექტორს. ასევე ახალი სანქციები მოიცავს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის აკრძალვას და რუსეთის სახელმწიფო ბანკების შეზღუდვებს ავსტრალიის სავალუტო ბაზარზე.

მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები არაერთმა ქვეყანამ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დააწესა. დასავლეთი რუსეთს დონბასში პრორუსი მებრძოლების შეიარაღებაში ადანაშაულებს. თუმცა, მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, სანქციები იმოქმედებს მანამ, ვიდრე უკრაინაში მინსკის შეთანხმება არ განხორციელდება. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით კი, გერმანია და მისი მოკავშირეები არ გაჩერდებიან მანამ, ვიდრე ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება.