„თუ ჩვენ ნაადრევად დავიწყეთ მონეტარული პოლიტიკის შემცირება, არის რისკი, რომ ინფლაცია კვლავ შემოტრიალდეს“

„დღევანდელი პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია უნდა დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, -ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მცირდება, ის მაინც ბევრად მაღალია მიზნობრივ მაჩვენებელზე, შესაბამისად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება მანამდე, სანამ ინფლაციის ზრდაზე ზეწოლის ფაქტორებიც არ განეიტრალდება.

„ინფლაცია კი მცირდება, მაგრამ ჯერჯერობით მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, 9,8%-ია დეკემბრის მდგომარეობით, მაშინ, როდესაც ჩვენი მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3%. შესაბამისად, სანამ ინფლაცია შეუქცევადი არ გახდება, შემცირების ტემპით და კარგი მოლოდინები არ გვექნება, რომ დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, ასევე, ინფლაციის ზრდაზე ზეწოლის ფაქტორები რაც არსებობს, ისიც არ განეიტრალდება, მანამდე, მნიშვნელოვანი იქნება, რომ შენარჩუნდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა.

ჩვენი დღევანდელი პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია უნდა დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს, თუმცა ეს იმის გათვალისწინებით, თუ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდა. თუ ჩვენ ნაადრევად დავიწყეთ მონეტარული პოლიტიკის შემცირება, არის რისკი, რომ ინფლაცია კვლავ შემოტრიალდეს“,- განაცხადა პაპაუნა ლეჟავამ.

ნინი ქეთელაური