„3-4 წლის წინ ტაქსისტების უმეტესობა ამბობდა, რომ რეგიონიდან არის ჩამოსული და 1-2 კაპიკი უნდა იშოვოს, დღეს ეს უკვე სერვისად იქცა"

დღეს, თბილისის მერიამ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ პრეზენტაცია გამართა. როგორც ცნობილია, რეფორმის ბოლო ეტაპი პირველი აპრილიდან უნდა ამოქმედდეს.

რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ აქამდე გატარებულმა რეფორმებმა, ტაქსის მომსახურების სრულყოფილ სერვისად ჩამოყალიბება განაპირობა.

„დღეს 70-80% ტაქსების სეგმენტში აპლიკაციით გამოძახების სერვისს უკავია. ტელეფონის ნომრით გამოძახების სერვისი ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ჩანაცვლებულია აპლიკაციით. თუ არ ჩავთვლით, აეროპორტს, რკინიგზის სადგურს და ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებს. ჩვენ ახლა გვაქვს ტაქსის პარკირების ადგილები გამოყოფილი ასეთ მიზიდულობის ცენტრებთან, მაგრამ ისინიც ძირითადად მუშაობენ გამოძახების სერვისით.

მე არ მგონია, რომ ნებისმიერი სფერო და მითუმეტეს ტრანსპორტი არის ისეთი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს განვითარების კულმინაცია, სადაც გაჩერება შეიძლება. რომ ვთქვა, ეს მესამე ეტაპი ბოლოა და ცვლილებები აღარ იქნება არასერიოზული იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ბაზარს დავაკვირდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არც ბაზრისთვის იქნება დამაზიანებელი და არც იმ ადამიანებისთვის, ვინც სფეროში არიან დასაქმებულები. ფაქტია, ამ რეფორმამ შექმნა სერვისის გამწევი კლასტერი და ეს იქცა მომსახურების სფეროდ. 3-4 წლის წინ ტაქსისტების უმეტესობა ამბობდა, რომ რეგიონიდან არის ჩამოსული და 1-2 კაპიკი უნდა იშოვოს, დღეს ეს უკვე სერვისად იქცა, რომელიც გაცილებით მოწესრიგებულია. დარწმუნებული ვარ, რეფორმის ამ ეტაპით მიიღებთ უფრო კარგი ხარისხის მომსახურებას და სერვისს", - განაცხადა წილოსანმა ,,საქმეში".

შეგახსენებთ, თბილისის მერიის ინფორმაციით, ტაქსების მესამე ეტაპის დროს ერთწლიანი A კატეგორიის ნებართვების გაცემა უვადო გახდება. რეფორმის ამ ეტაპზე ასევე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვების ბაზარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებართვების მფლობელს მისი ყიდვა/გაყიდვა ან/და იჯარით გაცემა შეეძლება. აქედან გამომდინარე, მერიაში მიაჩნიათ, რომ ტაქსის ნებართვა მისი მფლობელისთვის ერთგვარი ფინანსური აქტივი იქნება.

მერიის ინფორმაციითვე, 20 მარტიდან შეწყვეტენ არსებული სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას, ხოლო აპრილიდან მუნიციპალიტეტი ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით [რეფორმის მესამე ეტაპით] გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს.

თამარ მუკბანიანი