ჭარბი წონა - საფრთხე ჯანმრთელობისთვის და მსოფლიო ეკონომიკისთვის: როგორ ებრძვის მსოფლიო მავნე საკვებს?

არასწორი კვება ხელს უწყობს ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას, რომლებიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 2,2 მილიარდი ადამიანი ჭარბ წონას ებრძვის. ეს ვითარება გავლენას ახდენს ქვეყნების მუშაობაზეც - მცირდება პროდუქტიულობა და იზრდება ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები.

მსოფლიო უკვე აქტიურად ებრძვის მავნე საკვებს, მათ შორის, კი მის ეკონომიკურ და ფინანსურ გადაწყვეტილებებს - შაქარსა და ცხიმზე გადასახადებს და რეკლამების შეზღუდვას.

ბოლო 40 წლის განმავლობაში ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ეკონომიკის ყოველწლიური ზარალი ცხოვრების არასწორი წესის გამო კი, 2 ტრილიონ დოლარს აღწევს. ეს რიცხვი უარყოფითად აისახება პირველ რიგში ეკონომიკაზე, მეორე რიგში კი დემოგრაფიაზე. 2014 წლის შეფასებით, სიმსუქნის გამო წლიური ზარალი გლობალური მშპ-ს თითქმის 3%-ად შეფასდა. ნეგატიური გავლენის თვალსაზრისით, მას მხოლოდ მოწევა და შეიარაღებული კონფლიქტები ტერორიზმთან ერთად უსწრებდა.

owl-pic-620-5f6a1215020e9033b8dc2f205885234b-1675370811.jpg

დანია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც „ცხიმის გადასახადი“ დააწესა: 2011 წელს ხელისუფლებამ აქციზის გადასახადი დააწესა ყველა პროდუქტზე, რომელიც გაჯერებული ცხიმების 2,3%-ზე მეტს შეიცავდა. თუმცა ექსპერიმენტი მალევე ჩაიშალა - ქვეყანაში საკვები პროდუქტების ფასები გაიზარდა და დანიელებმა მეზობელ გერმანიაში დაიწყეს ყიდვა. შედეგად, 2013 წლისთვის გადასახადმა შეწყვიტა მოქმედება. თუმცა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბოსტნეულისა და ხილის მოხმარება ამ პერიოდში გაიზარდა. პარალელურად, ადამიანებმა დაიწყეს მეტი მარილის შემცველი საკვების ყიდვა, რაც ასევე საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

დანიის პარალელურად, არაჯანსაღი კვების წინააღმდეგ ბრძოლა უნგრეთმაც დაიწყო: 2011 წელს მათ შემოიღეს გადასახადი იმ საკვებზე, რომელიც შეიცავს ბევრ შაქარს, მარილს, ნახშირწყლებსა და კოფეინს. 2016 წლისთვის ადამიანების 19%-მა შეამცირა შაქრიანი გამაგრილებელი სასმელების მოხმარება. საერთო ჯამში, 73%-მა შეამცირა უსარგებლო საკვების მოხმარება ოთხი წლის განმავლობაში. მათგან 2/3-ზე მეტმა დაიწყო უფრო ჯანსაღ ალტერნატივაზე გადასვლა - წყალი, ხილი და ბოსტნეული, მწვანილი.

owl-pic-620-d34ef1f6f6ed6c3495be352c80e56374-1675370778.jpg

ცოტა მოგვიანებით, საფრანგეთი შევიდა რბოლაში სწრაფი კვების წინააღმდეგ. 2012 წელს შემოიღეს გადასახადი შაქრის ან დამატკბობლების შემცველ სასმელებზე. ასევე ქვეყანაში, 2004 წლიდან, სკოლებში აკრძალულია სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ყიდიან საჭმელს ან სასმელს, გარდა ხილისა და წყლისა.

2011 წელს კი სკოლის ლანჩებიდან კეტჩუპი ამოიღეს, ხოლო კარტოფილი ფრი მენიუში კვირაში ერთხელ დატოვეს. ამ ზომების ფონზე საფრანგეთში ჭარბი წონის მქონე ადამიანები შემცირდა: თუ 2015 წელს ეს მაჩვენებელი 49% იყო, 2020 წელს ის 47,3%-მდე დაეცა .

დიდ ბრიტანეთში კი, სადაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 2/3 ჭარბწონიანია, შაქრიან სასმელებზე გადასახადი 2018 წელს შემოიღეს. ხელისუფლებამ მსგავსი გეგმები პირველად 2016 წლის მარტში გამოაცხადა, რის შემდეგაც გაზიანი სასმელების მწარმოებლების ნახევარმა მათ პროდუქტებში შაქრის შემცველობა შეამცირა. შედეგად, სუპერმარკეტებში ნაკლები შაქრიანი სასმელებია (2015 წლიდან 2019 წლამდე მათი წილი 49-დან 15 %-მდე შემცირდა). კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს , რომ შაქრის გადასახადმა 8 %-ით (ანუ წელიწადში დაახლოებით 5000 ადამიანით) შეამცირა სიმსუქნის დონე ზრდასრულ გოგონებში.

იყო უჩვეულო ინიციატივებიც - მაგალითად, გასულ წელს მსუქან ბრიტანელებს წონის დაკლების სანაცვლოდ ბიუჯეტიდან გადასახადიც დაუწესეს.

ეკა დარჩიაშვილი