ევროპარლამენტმა ევროკავშირს სანქციების მე-10 პაკეტის დაუყოვნებლივ მიღებისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტის წევრებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს რუსული კომპანიების, მათ შორის „ლუკოილისა“ და „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს, რადგან ისინი ევროპულ ბაზრებზე მუშაობას განაგრძობენ. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

დეპუტატები მოითხოვენ, ევროკავშირმა რაც შეიძლება, მალე მიიღოს სანქციების მეათე პაკეტი და ეკონომიკის ახალ სექტორებზე, ასევე, კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე შეზღუდვები გააფართოოს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უნდა დასანქცირდნენ ის თანამდებობის პირები, რომლებიც „უკანონო საქმიანობაში“ არიან ჩართული, კერძოდ, „იძულებით დეპორტაციაში,“ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიაზე რეფერენდუმის ორგანიზებაში.

ამასთან, დეპუტატებმა კვლავ მოუწოდეს ევროკავშირს, დაუყონებლივ დააწესოს სრული ემბარგო რუსეთიდან წიაღისეულისა და ურანის იმპორტზე, ასევე, სრულად დატოვოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტები.

რეზოლუციას 489-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 36, ხოლო 49-მ თავი შეიკავა. რეზოლუცია 3 თებერვალს კიევში დანიშნული უკრაინა-ევროკავშირის სამიტისთვის იქნა მიღებული. ამ მიზნით კიევში ჩასულმა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციების მე-10 პაკეტის მიღებას 24 თებერვლისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის წლისთავზე გეგმავს.

ევროპარლამენტის რეზოლუციები საკონსულტაციო ხასიათისაა და იურიდიული ძალა არ გააჩნია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ