Reuters - ყაზახეთიდან ნავთობის ალტერნატიულ ექსპორტში საქართველო ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა

2022 წლის შემაჯამებელი მონაცემებით, საქართველო, აზერბაიჯანი, ჩინეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით ყაზახური ნავთობის მიწოდებაში მთავარი იმპორტიორები გახდნენ, ხოლო ამ ალტერნატიული მარშრუტებით ყაზახური ნავთობის ექსპორტი გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსეთის გვერდის ავლით ყაზახეთმა მთლიანობაში 1,8 მილიონი ტონა ნედლეული გაიტანა, რაც დღეში 36 000 ბარელ ნავთობს შეადგენს. 2022 წელს ალტერნატიული მარშრუტებით ყაზახური ნავთობის ექსპორტი, 2021 წელთან შედარებით, 638 000 ტონით გაიზარდა.

Reuters წერს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ყველაზე მეტი მოცულობა, 1,26 მილიონი ტონა ჩინეთში გაიგზავნა. მეორე ადგილზეა საქართველო: ბათუმის პორტით 214 000 ტონა ყაზახური ნავთობი იქნა ექსპორტირებული. შემდეგი არის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელმაც 141 000 ტონა ნავთობი მიიღო. 109 000 ტონა ყაზახური ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადაიქაჩა, ხოლო 80 000 ტონა უზბეკეთს მიეწოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ