"საქართველომ უკვე მიიღო ძალიან მაღალი შეფასება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან ყველა შესრულებულ სამუშაოზე"

საქართველომ უკვე მიიღო ძალიან მაღალი შეფასება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან ყველა შესრულებულ სამუშაოზე,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის სათანადო ორგანიზებისთვის უწყებათაშორის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მისივე თქმით, ბოლო ეტაპზეა სპორტსმენთა სოფლის მშენებლობა და მოწყობა.

„2 კვირაზე ნაკლები დრო დარჩა ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე. ინფრასტრუქტურის ნაწილში ყველა ძირითადი სამუშაო, პრაქტიკულად, დასრულებულია. ბოლო ეტაპზეა სპორტსმენთა სოფლის მშენებლობა და მოწყობა. საქართველომ უკვე მიიღო ძალიან მაღალი შეფასება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან ყველა შესრულებულ სამუშაოზე ინფრასტრუქტურის თაობაზე, რომელიც ჩვენმა საორგანიზაციო გუნდმა შეასრულა. ყოველივე ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის, განსაკუთრებით, სამთო ტურიზმის განვითარებას და ამ მხრივ, საქართველოს სწორ პოზიციონირებას,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ბაკურიანში გაიმართა, განიხილეს ჩემპიონატის საორგანიზაციო, სატრანსპორტო - ლოჯისტიკური და უსაფრთხოების საკითხები.

მათივე ცნობით, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“.