ჩინეთი მიესალმება საქართველოს  აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკში გაწევრიანებას

ჩინეთი მიესალმება საქართველოს, ნიდერლანდებისა და ბრაზილიის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ”აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკს” (AIIB).

ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ადგილობრივი სააგენტო ”სინხუას” ინფორმაციით, ამ დროისთვის AIIB-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 42 ქვეყანას აქვს შეტანილი, მათ შორის რუსეთს, ავსტრალიასა და დანიას. განაცხადების მიღება ახალ საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციაში დღეს მთავრდება. ბანკის საბოლოო წევრთა ვინაობა 15 აპრილს დამტკიცდება. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკი ჩინეთში 2014 წელს შეიქმნა და მისი საწესდებო კაპიტალი 100 მილიარდი დოლარია. ბანკის მიზანი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაა.

როგორც გუშინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკის სახით, საქართველო კიდევ ერთ მსხვილ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციას შეიძენს.