„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - აჭარის მთავრობის მიერ 2020-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის პროცესი კორუფციულ ეჭვებს აჩენს

აჭარის მთავრობის მიერ 2020-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის პროცესი კორუფციულ ეჭვებს აჩენს და საგამოძიებო ორგანოების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორგანიზაციამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2020-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის პროცესი შეისწავლა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და ჩატარებული აუქციონების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ქონების არაკონკურენტულ გარემოში გასხვისების 33 შემთხვევა.

მათივე ცნობით, გამოიკვეთა ქონების შემსყიდველთა 1 მილიონ ლარამდე პოლიტიკური შემოწირულებები მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რაც სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, აღნიშნული ფაქტები საგამოძიებო ორგანოების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.

„კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საყურადღებო ფაქტები და ტენდენციები:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ქონების გასასხვისებლად 39 ელექტრონული აუქციონი გამართა, რომლის 84% არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა. მათში მონაწილეობდა თითო პრეტენდენტი და აუქციონზე გატანილი ქონებები გაიყიდა თითო ბიჯში;

აუქციონებში გამარჯვებული 8 და პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე გაფორმებული 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ხელისმომწერი კომპანიის მეწილეებმა, მეწილეების ბიზნესპარტნიორებმა და დირექტორებმა „ქართულ ოცნებას” და „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, გასულ წლებში 966,000 ლარი შესწირეს;

პოლიტიკური შემოწირულების გამცემმა 7 სუბიექტმა აუქციონები უკონკურენტოდ, მინიმალური ფასნამატით მოიგო;

აუქციონების გამოცხადების და მოცემულ აუქციონებში გამარჯვებული 4 კომპანიის დაფუძნების/რეგისტრაციის დრო ემთხვევა ერთმანეთს.

პირდაპირი მიყიდვის გზით შესყიდული ობიექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქის, ბურაქ ბაშლილარის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი. აჭარის მთავრობამ მას 5,226 ლარად მიყიდა 613,130 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი, ბუნდოვანი პირობებით, ბაშლილარმა კი ნაკვეთი საკუთრებაში დარეგისტრირებიდან 1 დღეში 138,300 აშშ დოლარად მიყიდა შპს „გონიო 2020”-ს;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კვლავ აგრძელებს ავტონომიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების 1 ლარად გაყიდვის პრაქტიკას. შპს „გონიო 2020”-ს მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ვალდებულებებით გადაეცა, შპს „საბა კონსტრაქშენმა” პირდაპირი მიყიდვის წესის საფუძველზე 2 ლარად შეძენილი ქონების დემონტაჟის ადგილას ძალოსნობის ახალი სავარჯიშო ბაზა უნდა ააშენოს და საამისოდ კომპანიამ დამატებით უკონკურენტოდ გაიმარჯვა აჭარის ავტონომიის საკუთრებაში არსებული შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის” მიერ გამოცხადებულ 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერში“, - ნათქვამია ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის შედეგები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.