„როგორი ეკონომიკური ზრდაც არ უნდა გვქონდეს, მაღალი ინფლაციის პირობებში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მაინც იქნება მძიმე“

„როგორი ეკონომიკური ზრდაც არ უნდა გვქონდეს, მაღალი ინფლაციის პირობებში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მაინც იქნება მძიმე“,- ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ აკადემიკოსმა ლადო პაპავამ განაცხადა.

აღნიშნულით, ის NDI-ს კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს.

„ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ინფორმაციას იძლევა, მაგრამ სანდოობის ხარისხი, ყოველთვის არის პრობლემური.

მოდით, გადავდოთ NDI-ს კვლევა და ვთქვათ, ჩვენ თვითონ ვერ ვხედავთ, რომ პრობლემა არის? ინფლაცია მაღალია. როგორი ეკონომიკური ზრდაც არ უნდა გვქონდეს, მაღალი ინფლაციის პირობებში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მაინც იქნება მძიმე. ინფლაცია პრაქტიკულად შთანთქავს ეკონომიკური ზრდით გამოწვეულ ეფექტებს. მაგრამ, ჩვენ რომ გვქონოდა არა 10-11%-იანი ზრდა, არამედ 5%-იანი, მაშინ იგივე ინფლაციური წნეხის პირობებში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ხომ კიდევ უფრო მეტად გაუარესდებოდა?!

ამიტომ, როდესაც ასეთი ხასიათის ინფლაცია გვაქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომ მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად არ გაუარესდეს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მაღალი ინფლაცია არის პირველი მტერი მოსახლეობის“,- განაცხადა ლადო პაპავამ.