"რუსეთი, მეგობრების დახმარებით, დასავლურ სანქციებს გვერდს უვლის"

"გასული წლის ზაფხულში სომხეთში სმარტფონებთან დაკავშირებით საკმაოდ უცნაური ამბავი მოხდა: პატარა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში წინა თვეებთან შედარებით მკვეთრად (10-ჯერ!) გაიზარდა მობილური ტელეფონების იმპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პარალელურად, ასევე, მკვეთრად მოიმატა სომხეთიდან სმარტფონების ექსპორტმა დასავლეთის მიერ სანქციადადებულ მოკავშირე რუსეთში", - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსში (The New York Times) გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში, რომლის სათაურია "რუსეთი, მეგობრების დახმარებით, დასავლურ სანქციებს გვერდს უვლის" (ავტორი - ანა სვენსონი).

"იგივე ტენდენცია შეინიშნება სარეცხი მანქანების, კომპიუტერული ინტეგრალური სქემების ("ჩიპების") და სხვა საქონლის იმპორტის მიმართაც აზიის რიგი ქვეყნებიდან, რაც რუსული ეკონომიკური ცხოვრების ახალ პრინციპებზე მეტყველებს. ამით შეიძლება აიხსნას ის მოვლენა, თუ როგორ ინარჩუნებს რუსეთის ეკონომიკა ტივტივის უნარს და არ იძირება. ბოლო მონაცემები მოწმობს რუსეთის ვაჭრობის დონის სწრაფ ზრდას ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა თურქეთი, ჩინეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. ამ სახელმწიფოებიდან რუსეთში ისეთი პროდუქცია შედის, რომლებიც დასავლეთის სანქციებით აკრძალულია, უკრაინასთან ომის გამო.

რასაკვირველია, რუსეთში იმპორტირებული ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის (და ტექნოლოგიების) საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის ხარისხზე (დაწყებული სურსათიდან დამთავრებული კომპიუტერული პროგრამებით) პასუხისმგებლობას არავინ იღებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის იმპორტი და ვაჭრობა, როგორც ჩანს, თითქმის ომამდელ დონეს დაუბრუნდა.

როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა იმითაა გამოწვეული, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებს უმძიმთ რუსეთთან კავშირების გაწყვეტა და კვლავ აწარმოებენ ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ბევრმა დასავლურმა ბრენდმა დატოვა, მაგრამ ეს - მხოლოდ ფორმალურად. მათი პროდუქცია [პარალელური იმპორტით] კვლავ რუსული სუპერმარკეტების დახლებზე დევს. შესაბამისად, დასავლეთის გასაკვირად, რუსული ეკონომიკა მდგრადი გამოდგა, რაც დასავლური სანქციების ეფექტიანობაზე გარკვეულ კითხვებს ბადებს.

ორშაბათს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ მისი ადრინდელი პროგნოზი - 2023 წელს რუსული ეკონომიკა 2,3%-ით შემცირდებაო, კორექტირებული იქნა: კი არ შემცირდება, გაიზრდება 0,3%-ითო.

რუსეთის ნავსადგურებში - სანქტ-პეტერბურგში, ნოვორისიისკში და ა.შ. - უამრავი კონტეინერმზიდი გემია, რომლებსაც უცხოეთიდან, მესამე ქვეყნებიდან, ავტომობილები, მათი სათადარიგო ნაწილები, სარეცხი მანქანები, მაცივრები და ელექტრონიკა მოაქვთ. უამრავი ტვირთი შედის რუსეთში უზარმაზარი სატვირთო ავტომანქანებით (ტრაილერ-ფურებით) თურქეთიდან, ჩინეთიდან, ყაზახეთიდან.

როგორც სერგეი ალექსაშენკო - რუსეთის ფინანსთა მინისტრის ექს-მოადგილე აცხადებს, რასაკვირველია, 2023 წელი რუსული ეკონომიკისათვის "მძიმე წელი" იქნება, მაგრამ "არავითარი კატასტროფა ან კოლაფსი არ მოხდება". მისი თქმით, მართალია, ეკონომიკის ზოგიერთი დარგი სირთულეებს განიცდის, მაგალითად, ავტომობილების წარმოება (დასავლურმა კომპანიებმა ქარხნები დახურეს), მაგრამ მათი უმოქმედობით მიღებული ზარალის კომპენსირება ნავთობ-გაზის ექსპორტის გაზრდით ხდება. "ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ რუსეთის ეკონომიკა დაცემული და ჩამოშლილია. ვლადიმერ პუტინს საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად რესურსები ნამდვილად აქვს", - თქვა სერგეი ალექსაშენკომ.

განაგრძეთ კითხვა: