ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო - მეათე პაკეტის შემოღებას 24 თებერვლამდე ვაპირებთ

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტით შეზღუდვების მოცულობა 10 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ მან კიევში, უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო. მზადდება სანქციების მეათე პაკეტი, ჩვენ ვაპირებთ მის შემოღებას 24 თებერვლამდე. მისი მოცულობა, დაახლოებით, 10 მილიარდი ევრო იქნება" , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ეს პაკეტი ფოკუსირებული იქნება ტექნოლოგიებზე, რომლებიც არ უნდა გამოიყენოს რუსულმა სამხედრო მანქანამ.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უფრო ღრმად ვიკვლევთ იმ კომპონენტებს, რომლებიც აღმოჩენილია, მაგალითად, დრონებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ხელმისაწვდომი არ იქნება რუსეთისთვის“ , - დასძინა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა მოელის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მეათე სანქციების პაკეტი შეზღუდვებს შემოიღებს რუსეთის ფედერაციის ბირთვული სფეროსა და სარაკეტო პროგრამის წინააღმდეგ.