ჯარიმებით ბიუჯეტში რეკორდული თანხის მობილიზება მოხდა

2022 წელს ბიუჯეტში ჯარიმებიდან რეკორდული თანხა შევიდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 281 741 849 ლარის აკუმულირება მოხდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში - 129 720 204 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 152 021 644 ლარის მობილიზება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი წლიურად, 43,9%-ით ანუ 1,4-ჯერ არის გაზრდილი. 2021 წელს ბიუჯეტში სანქციებიდან 195 828 629 ლარის აკუმულირება მოხდა.

უნდა ითქვას ისიც, რომ გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით მიახლოებული იყო 2019 წლის შედეგი, როდესაც ბიუჯეტში ჯარიმებიდან და საურავებიდან 206 322 089 ლარის მობილიზება მოხდა.

ამასთან, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 26 191 825 560 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების, რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.

თაია არდოტელი