”მაკდონალდსი”  სარესტორნო მომსახურებას იწყებს

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ”მაკდონალდსი” პირველად არსებობის ისტორიაში მომხმარებელთა მაგიდასთან მომსახურებას დაიწყებს.

”მაკდონალდსის” ახალდანიშნული აღმასრულებელი დირექტორის სტივ ისტერბრუკის განცხადებით, მომსახურება ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში იქნება. მისივე თქმით, გადაწყვეტილება კორპორაციამ შემცირებული გაყიდვების შეჩერების მიზნით მიიღო.

სარესტორნო მომსახურების საპილოტე პროექტის გასაშვებად პირველ ქვეყანად ”მაკდონალდსმა” გერმანია შეარჩია, სადაც მსგავსი მომსახურებით ფრანკფურტის აეროპორტში განთავსებული ”მაკდონალდის” მომხმარებლები ისარგებლებენ. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს მაგიდასთან მომსახურება როგორც სალაროსთან, ასევე დარბაზში მომსახურება პერსონალთან.

ფრანკფურტის აეროპორტის ”მაკდონალდსი” ყველაზე მსხვილი ”მაკდონალდსია” გერმანიაში.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აპრილიდან ”მაკდონალდსი” სან-დიეგოში კიდევ ერთი საპილოტე პროექტის განხორციელებას დაიწყებს და მომხმარებელს მთელი დღის განმავლობაში შესთავაზებს საუზმეს.

FactSet-ის მონაცემებით, ბოლო ხუთი კვარტლის განმავლობაში აშშ-ში ”მაკდონალდსის” მოგება წლიური მაჩვენებლით შემცირდა. 2014 წლის მეოთხე კვარტალში კი ”მაკდონალდსის” სუფთა მოგება 21%-ით დაეცა.

”მაკდონალდსის” ქსელი მსოფლიოს 100 ქვეყანაში 35 ათასზე მეტ რესტორანს აერთიანებს და ყოველდღიურად 70 მილიონ კლიენტს ემსახურება. კომპანიაში საერთო ჯამში, 1,7 მილიონი ადამიანია დასაქმებული.