2014 წელს დაბადებულთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით, 4,8%-ით გაიზარდა

წინა წელთან შედარებით, 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 4,8 %-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 4,8%-ით გაიზარდა და 60 635 შეადგინა, მათ შორის, 31 325 ბიჭი და 29 310 გოგო.

საქსტატის ინფორმაციით, 2008 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. კერძოდ, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა (მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა), ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ტენდენცია 2014 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით პირველი შვილის პროცენტული წილი 1,8 პუნქტით შემცირდა, მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,7 პუნქტით გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილმა უმნიშვნელოდ - 0,1 პუნქტით მოიმატა.

2014 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ შობილი ბავშვების წილი 42,6 %-დან 40,7 %-მდე შემცირდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის ცნობით, 2014 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2013 წელთან შედარებით 1,1 %-ით გაიზარდა და 49 087 შეადგინა. გარდაცვალების რიცხოვნობის მატება აისახა გარდაცვლილთა სქესობრივ-ასაკობრივ სტუქტურაში. მატება დაფიქსირდა 70-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. კლება განიცადა ქალების 65-69 წლის და 75 წლის ზემოთ ასაკობრივმა ჯგუფებმა, ხოლო მამაკაცებში - 60-69 და 75-79 წლის ასაკობრივმა ჯგუფებმა. ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2014 წელს 9,5 პრომილე შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1,6 პუნქტით ნაკლებია. 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 2014 წელს 10,9 პრომილე იყო, ხოლო იგივე მაჩვენებელმა 2013 წელს 13,0 პრომილე შეადგინა.

2014 წელს ბუნებრივმა მატებამ (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) წინა წელთან შედარებით 23,8 %-ით მოიმატა და 11 548 შეადგინა. 2014 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა გურიის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. რაც შეეხება ქორწინებას, 2014 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 9,1 %ით შემცირდა და 31 526 შეადგინა.

2014 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 9 119 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12,7 %-ით აღემატება. საქსტატის ინფორმაციით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 27,5 %-ით გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი 0-10 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებებში. განქორწინებათა საერთო რაოდენობაში 1 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებების წილი ყველაზე მაღალია (7,7 პროცენტი).