"ახალგაზრდა ადვოკატები": პრეზიდენტმა 34 არასამთავრობო ორგანიზაციას 3 372 101,9 ლარი გამოუყო

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს პრეზიდენტის ასიგნებებიდან და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, 2011-2015 წლებში, სხვადასხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების თაობაზე მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებებისათვის, სულ დახარჯულია 3 372 101,9 ლარი.

"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის, ლაშა ციბაძის განცხადებით, მონიტორინგი შეეხო პრეზიდენტის ასიგნებებიდან და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული თანხების პერიოდს: 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მოცემულ პერიოდში, დაფინანსდა თუ არა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და რომელმა ასეთმა ორგანიზაციებმა მიიღეს თანხები.

"ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან, 2011-2014 და 2015 წლის წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, დაფინანსდა, სულ 34 ორგანიზაცია. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან თანხები, მოცემულ პერიოდში, შემდეგი ოდენობით გადანაწილდა: 2011 წელს პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გაცემულია 1350 ლარი. თანხის მიმღებია ერთი ორგანიზაცია, ინდივიდუალური მეწარმის სახით; 2012 წელს პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გაცემულია 1,218,463 ლარი. თანხის მიმღებია 4 არასამთავრობო ორგანიზაცია; 2013 წელს პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გაცემულია 829,659,1 ლარი. თანხის მიმღებია 12 არასამთავრობო ორგანიზაცია; 2014 წელს პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გაცემულია 1, 315, 629, 8 ლარი. თანხის მიმღებია 16 არასამთავრობო ორგანიზაცია; 2015 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გაცემულია 7000 ლარი. თანხის მიმღებია 1 არასამთავრობო ორგანიზაცია; "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ წარმოდგენილ მონიტორინგში, არ მოხვდა 2010 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხები, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2015 წლის 13 მარტის წერილში, აღნიშნული პერიოდის შესახებ არაფერია ნათქვამი",- განაცხადა ციბაძემ.

მისივე თქმით, წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, 2012 წელს, ყველაზე მეტი თანხა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი" - 800 000; ჟურნალისტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის საქველმოქმედო ფონდი "სიცოცხლე მშვენიერია" - 200 000 და "საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი" - 150 644 ლარი. 2013 წელს შემდეგმა ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის - 90 659,10, "ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია" - 397 000, "საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია" – 110000; "ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო" - 15 000, "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია" – 17000; "საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია" – 34000 ლარი. 2014 წელს, ყველაზე მეტი თანხა მიიღეს ორგანიზაციებმა: "საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" - 184 535, "საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია" - 127 121, "ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანსაღი მომავლის კვლევისა და განვითარების ცენტრი "არს ვივენდი" -84 660, "დიალოგის და განვითარების ფონდი" – 22322, ფონდი "სიყვარულის მატარებელი" – 25000, ორგანიზაცია "კამარა" – 24480, ორგანიზაცია "ჩვენი ინიციატივა" – 30700, Voice From Georgia – 64431 ლარი. რაც შეეხება 2015 წელს, 6 თებერვლის მდგომარეობით, სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია ორგანიზაცია "პლატფორმა ცვლილებებისთვის", რომელმაც პანკისის ხეობის ახალგაზრდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად დაგეგმილი პროექტის: "სოფლის ფოტოკლუბი - პანკისი" განხორციელებისთვის მიიღო 7000 ლარი.

"ახალგაზრდა ადვოკატები" ყურადღებას დაუთმობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გახარჯული თანხების შესახებ, 2014 წლის 31 დეკემბერის და 2015 წლის 13 მარტის მოწოდებულ ინფორმაციაში არსებულ შეუსაბამობებს, რომელიც გამოიხატება თანხის მიმღები ორგანიზაციების რიცხვთან და თანხის ოდენობასთან. მაგალითად, 2014 წლის მონაცემში არ გხვდება შემდეგი ორგანიზაციები: "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი" და უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, 2013 წლის მონაცემში არ გვხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ლიტერა", მაშინ, როდესაც აღნიშნულ ორგანიზაციებს, 2014 წლის 31 დეკემბრის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილით, მიღებული აქვთ, საერთო ჯამში: 81,698,4 ლარი. ამასთან, ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ 2013 წელს, "საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ" დამატებით მიიღო 8625, რაც პრეზიდენტის 2015 წლის მონაცემებში არ გვხდება. აგრეთვე, ინტერესს იწვევეს 2015 წლის მონაცემში ორგანიზაციები: დიალოგის და განვითარების ფონდი", "ჩვენი ინიციატივა" "აფხაზეთის ვირტუალური არქივი", "საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია", რომლებსაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2014 წლის 31 დეკემბრის წერილით, გაცილებით ნაკლები თანხები აქვთ მიღებული, ვიდრე ეს ადმინისტრაციის 2015 წლის 13 მარტის გამოხმაურებით ზუსტდება. ორგანიზაცია, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოცემულ შეუსაბამობებზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომენტარი გააკეთოს", - განაცხადა ციბაძემ.