პრეზიდენტი: ლარის კურსის ვარდნამ, ეკონომიკური ზრდის სოლიდურმა შემცირებამ დღის წესრიგში დააყენა საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ეკონომიკური პროგნოზირების მოქნილი სისტემა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური მოხსენებისას განაცხადა, გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წელს ლარის კურსის ვარდნამ, ეკონომიკური ზრდის სოლიდურმა შემცირებამ დღის წესრიგში დააყენა საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება.

"ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა საგარეო ეკონომიკური რისკების პირისპირ საქართველოს ეკონომიკის არცთუ საკმარისი მზაობა. ქვეყანაში ეკონომიკის პროგნოზირების ფაქტობრივად არარსებობა. ეკონომიკური რყევის, მათ შორის საგარეო ფაქტორებით გამოწვეულ შოკებთან უკეთესად გამკლავების მიზნით, ეკონომიკური პროგნოზირების მოქნილი სისტემა გვესაჭიროება, შესაბამისად, აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის, ისე, რომ დაცული იყოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ეკონომიკის განვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება მაშინ, როცა ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში სისტემური პარალელიზმის პრობლემა არსებობს. "წარმოუდგენლად მიმაჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელება დღეს არსებული სისტემური პარალელიზმის პირობებში. შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება როდესაც, ერთის მხრივ, გვყავს ეკონომიკის მინისტრი, მეტიც ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები. ამიტომ, სწრაფად უნდა გავაანალიზოთ არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილებები პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.