ალიევმა საქართველოზე გამავალი ელექტროკაბელ Black Sea Energy-ის პროექტი აამოქმედა

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დამტკიცების შესახებ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კავკასიის რეგიონიდან ევროპაში ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება ოფიციალურ პრესაში უკვე გამოქვეყნდა. ინფორმაციას „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის 2022 წლის 17 დეკემბერს, ბუქარესტში გაფორმდა. სტრატეგიული პარტნიორობა წყალქვეშა ელექტროკაბელის, Black Sea Energy-ის მშენებლობას შეეხება, რომელიც 1000 მეგავატი სიმძლავრისა და 1195 კმ სიგრძის იქნება. პროექტის თანახმად, წყალქვეშა ელექტროკაბელით აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ენერგია საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ჯერ რუმინეთს, შემდგომი ტრანსპორტირებით კი უნგრეთსა და დანარჩენ ევროპას მიეწოდება.

ამჟამად პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზეა, რაც 2023 წლის სექტემბერში დასრულდება. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება.

ამდენად, აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევიდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა, მისი დებულებების შესრულება უზრუნველყოს. ამასთან, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს გაუგზავნოს შეტყობინება აზერბაიჯანული მხარის მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდა პროცედურების შესრულების შესახებ.

Black Sea Energy მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტროკაბელი იქნება, რომლის გასაყვანადაც ევროკომისია 2,3 მლრდ ევროს გამოყოფას გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ