რა ფასად ყიდულობს საქართველო ზეთს, შაქარს და წიწიბურას

მიმდინარე კვირას, ქართველი იმპორტიორები პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობას პირველადი მოხმარების სურსათის შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

საუბარია, ისეთ საკვებ პროდუქტებზე როგორიცაა, წიწიბურა, შაქარი, ზეთი და სხვა.

პრემიერმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება დაავალა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ფასად შეიძინა საქართველომ აღნიშნული პროდუქტები 2022 წლის დეკემბერში.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის ბოლო თვეში 1 599 ტონა წიწიბურაში ქვეყანამ 1,040 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. გამოდის, 1 კგ-ს ფასი 0,65 აშშ დოლარი იყო, დეკემბრის ლარის საშუალო კურსით, დოლართან მიმართებით კი (1 დოლარი - 2,70 ლარი), დაახლოებით, 1,75 ლარი.

ამავე პერიოდში 13,066 ტონა (8,862 მლნ აშშ დოლარის) შაქარის იმპორტი განხორციელდა. შესაბამისად, 1 კგ-ს ღირებულებამ 0,67 აშშ დოლარი, ანუ 1,83 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ზეთს, 2022 წლის დეკემბერში, 5,005 ტონა (7,497 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შემოვიდა. გამოდის, 1 ლიტრი ზეთის ღირებულება 1,5 დოლარს შეადგენდა, რაც თვის საშუალო კურსით, დაახლოებით, 4,04 ლარია.

შენიშვნა, ფასი დაანგარიშებულია კლასიფიკაციის, ტრანსპორტირებისა და გადასახადების გარეშე.

ნინი ქეთელაური