რა შემთხვევაში მიიღებთ დაუბეგრავ მინიმუმს

თუ თქვენი წლიური შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება, მაშინ სახელმწიფო გარკვეულ თანხას დაგიბრუნებთ.

საუბარია დაუბეგრავ მინიმუმზე, რომლის დაბრუნება დღეიდან დაიწყება. ამისთვის მთავარია მხოლოდ დეკლარაცია შეავსოთ. დაუბეგრავი მინიმუმის მიღების მოთხოვნას საქართველოს ნახევარ მილიონამდე მოქალაქე აკმაყოფილებს. სახელმწიფო მათ დაუბეგრავი მინიმუმის სახით მაქსიმუმ 360 ლარს დაუბრუნებს. წელს თანხის მიღებას ის მოქალაქეებიც შეძლებენ, რომლებმაც 2014 წელს დაუბეგრავი მინიმუმი ვერ დაიბრუნეს.

ტელეკომპანია ”იმედის” ინფორმაციით, თუ 2014 წელს ხელფასის სახით წლიურად მიღებული გაქვთ 1800 ლარიდან 6000 ლარის ჩათვლით, ანუ ყოველთვიურად გქონდათ 150 ლარიდან 500 ლარამდე ხელფასი, მაშინ უფლება გაქვთ დაუბეგრავი მინიმუმის სახით 360 ლარი მიიღოთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 2014 წელს ხელფასის სახით წლიურად მიღებული გაქვთ 1800 ლარზე ნაკლები ხელფასი ანუ ყოველთვიურად ხელფასის სახით 150 ლარზე ნაკლებს იღებდით, ასეთ შემთხვევაში დაუბეგრავი მინიმუმის სახით, კონკრეტული თანხის 20 %-ს მიიღებთ. ასე მაგალითად, თუ ყოველთვიურად 100-ლარიანი შემოსავალი გქონდათ, თქვენი დაუბეგრავი მინიმუმი 240 ლარს შეადგენს.

დეკლარაციის შევსება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. დეკლარაციის შევსებაში დახმარებას გაგიწევენ კომერციულ ბანკებშიც. იმ კომერციულ ბანკებში, სადაც ხელფასი გერიცხებათ, დეკლარაციის შევსება შესაძლებელია დღეიდანვე. დოკუმენტი კი არა უგვიანეს 30 სექტემბრისა უნდა წარადგინოთ.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მათ, ვისაც დაუბეგრავი მინიმუმის მიღება ეკუთვნით, თანხა დეკლარაციის წარდგენიდან სამი თვის ვადაში ჩაერიცხებათ. ”დეკლარაციას მიენიჭება ნომერი და ყოველდღიურად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge გამოქვეყნდება ნომრის სია, რომელსაც იმ დღის მონაცემებით უკვე დაუბრუნდა დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხა”, - აცხადებს შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი.

მისივე თქმით, 2014 წელს დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით საქართველოს დაახლოებით 461 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში კი დაახლოებით 129 მილიონი ლარია გაცემული. ”ვვარაუდობთ, რომ წელს საქართველოს 400-დან 500 ათასამდე მოქალაქე შეავსებს დეკლარაციას”, - აღნიშნავს ხატია მოისწრაფიშვილი.

დაუბეგრავი მინიმუმის მოთხოვნის განაცხადის შევსების უფლება აქვთ მათაც, ვინც გასულ წელს 2013 წლის ხელფასის მიხედვით დაუბეგრავი მინიმუმი ვერ მიიღო. დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა 2016 წლიდან აღარ მოხდება.