საქართველოში ყოველწლიური ჰაკათონი Global Game Jam გაიმართა

საქართველოში ყოველწლიური, ადგილობრივი 48-საათიანი ჰაკათონი Global Game Jam წელსაც გაიმართა. ჰაკათონის ორგანიზატორების ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში ასეთი ღონისძიება 100-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა და თამაშებით დაინტერესებული ათასობით ადამიანი გაერთიანდა. ჰაკათონზე 70-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი, რომელთაც კომპეტენტური მენტორების დახმარებით თავიანთი თამაშები დახვეწეს.

„საბოლოოდ, სამი გამარჯვებული გუნდი - Groot, Pantium 5 და Royals, გამოვლინდა, რომლებმაც 1500, 1000, და 500 ლარიანი პრიზები მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტისგან. წინა წლის Global Game Jam - სგან განსხვავებით წელს ჰაკათონზე შეიქმნა არამარტო ციფრული თამაშები, არამედ სამაგიდო თამაშებიც, პირველ ადგილზეც კი სწორედ სამაგიდო თამაშის შემქმნელი ერთ-ერთი გუნდი “Groot” გავიდა.

gur2-1675924992.jpg

ჰაკათონის განმავლობაში სულ შეიქმნა 13 ციფრული თამაში და 3 სამაგიდო თამაში, ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებმა თავიანთი ინოვაციური იდეები აქციეს რეალურ თამაშებად და წარდგნენ ჟიურის წინაშე.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ისეთი სივრცის შექმნას, სადაც მონაწილეებს საკუთარი კრეატიულობის გამოვლენის საშუალება მიეცემოდათ და ინდუსტრიის განვითარებაში შეიტანდენ წვლილს.

ჰაკათონის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე შეექმნათ გუნდები და ერთიანი ძალებით ემუშავათ სრულყოფილი ციფრული თუ არაციფრული თამაშის შესაქმნელად.

ღონისძიებას ერთი კონკრეტული თემატიკა ჰქონდა “Roots”, “ფესვები” და ყველა თამაში სწორედ ამ თემის ირგვლივ შეიქმნა“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Global Game Jam-ის ორგანიზატორები იყვნენ: Startup Büro, Media Lab, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: თბილისის მერია, Gegidze, Kettari Foundation, Dataart Georgia, და Axel.