ფინანსთა მინისტრის მოადგილე: "აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი" ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს

"აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი" ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ განაცხადა.

"ესაა ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რათა განხორციელდეს უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. სწორედ ამიტომ, საქართველომ გამოხატა ინტერესი, როგორც დამფუძნებელი ქვეყანა, შეერთებოდა აღნიშნულ ბანკს. ეს მოგვცემს საშუალებას, სხვა ქვეყნებთან ერთად ვიმუშაოთ სადამფუძნებლო დოკუმენტებზე, რათა გათვალისწინებული იყოს ჩვენი ინტერესები," - განაცხადა ლეჟავამ.

მისი თქმით, სადამფუძნებლო დოკუმენტებზე მუშაობა ახლა იწყება და 2015 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. "ვფიქრობთ, ბანკის ინვესტიციები საქართველოში, მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად. აღნიშნული ბანკი ახალ შესაძლებლობებს შესძენს განვითარებად ქვეყნებს და ასევე ითანამშრომლებს უკვე არსებულ დონორ ორგანიზაციებთან," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.