„ოლეინას“ მწარმოებელმა რუსეთში ბიზნესი გაყიდა

ამერიკულმა აგროტრეიდერმა, Bunge-მა, რომელიც რუსეთში „ოლეინას“, Ideal-ისა და „მასლენიცას“ ბრენდებით მცენარეულ ზეთს აწარმოებდა, ბიზნესის გაყიდვაზე ხელშეკრულება დახურა. ამის შესახებ კომპანიის რუსულენოვან ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „აგროინვესტორი“ ავრცელებს.

გარიგება ოფიციალურად 3 თებერვლიდან დაიხურა, ხოლო შპს „ბუნგე დსთ“-მ მცენარეული ზეთების წარმოება-გაყიდვა ვორონეჟის ოლქში მდებარე ქარხანაში, ახალი მფლობელის კონტროლქვეშ განაგრძო. ორგანიზაციის ყველა რეკვიზიტი უცვლელი დარჩა, თუმცა კომპანიის სახელი მალე შეიცვლება. ახალი მფლობელის შესახებ ინფორმაცია იურიდიულ პირთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში ჯერ არ იძებნება.

კომპანიამ რუსეთში ბიზნესის გაყიდვის გეგმა გასული წლის სექტემბერში გამოაცხადა. მაშინ Bunge-ის ვებგვერდზე გავრცელდა ცნობა, რომ მყიდველი Exoil Group-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი აქციონერი, კარენ ვანეციანი გახდებოდა. „ინტერფაქსის“ წყარო აცხადებდა, რომ გარიგება ვანეციანის პირად ინვესტიციას წარმოადგენს და სტანდარტული პროცედურების გავლის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცების შემდეგ დასრულდებოდა.

სავარაუდო მყიდველი, Exoil Group მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების ტრეიდინგით, გადამუშავებით, გადაზიდვითა და ლოგისტიკით არის დაკავებული. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, Exoil Group-ის საწარმოო ობიექტების სიმძლავრე 640 000 ტონა მზესუმზირის გადამუშავებასა და წელიწადში 290 000 ტონა ზეთის მოპოვებას მოიცავს. ვორონეჟის ოლქში მდებარე Bunge-ის ქარხანა 540 ათასი ტონა ნედლეულის გადასამუშავებლად და წელიწადში 200 მილიონ ბოთლზე მეტი მზესუმზირის ზეთის დასამზადებლად არის განკუთვნილი.

ვორონეჟის რეგიონის სოფელ კოლოდესიანსკოეს დასახლებაში მდებარე Bunge-ის ზეთის ექსტრაქციის, ანუ მომპოვებელი ქარხანა 2008 წელს გაიხსნა. კომპანიამ წარმოებაში 130 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

სრულიად რუსეთის ზეთისა და ცხიმპროდუქტების კავშირის მონაცემებით, საცალო ბაზარზე Bunge-ის წილი 8%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით კომპანია მეოთხე ადგილს იკავებს. პირველზე არის კომპანია, „იუგ რუსი“ 25%-ით, მეორეზე - „ეფკო“ (14%), ხოლო მესამეზე - „ბლაგო“ (10%). Bunge-ის შემდეგ, მეხუთე ადგილი ბაზრის 4%-იანი წილით „რუსაგროს“ უკავია. დანარჩენი 39% რეგიონალურ ზეთისმომპოვებელ ქარხნებს ეკუთვნით.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ