„2-დღიანი უქმეები აღარ მუშაობს“ - რა შედეგებით დასრულდა ამა თუ იმ ქვეყანაში 4-დღიანი სამუშაო კვირის ტესტირება

2022 წლის პოსტპანდემიურ პერიოდში 4-დღიანმა სამუშაო კვირამ, ფაქტობრივად, ახალი ცხოვრება შეიძინა - სოციოლოგები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ, დაეხმარონ ადამიანებს და აღადგინონ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. მთელმა რიგმა კომპანიებმა უკვე განაცხადეს 32-საათიანი სამუშაო კვირის დანერგვის მცდელობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ინიციატივის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ადამიანები საქმის მკვეთრ დამატებას ვერ გაუძლებენ, მომსახურება კი გაძვირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს რისკები რეალობასთან ახლოს არის, სტატისტიკა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.

2022 წლის შემოდგომაზე მსოფლიოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კვლევა დასრულდა 4-დღიანი სამუშაო კვირის შესახებ. ეს იყო პირველი საპილოტე პროექტების სერიიდან, რომელსაც კოორდინაციას უწევდა არაკომერციული ადვოკატირების ჯგუფი 4 Day Week Global და შეეხო ათობით კომპანიას მთელს მსოფლიოში. კვლევაში ათობით კომპანია მონაწილეობდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თითოეულმა მათგანმა ნახევარი წლის განმავლობაში შეიმუშავა ახალი გრაფიკი, ხელფასის დაკლების გარეშე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - არცერთი მონაწილე მზად არ აღმოჩნდა 5-დღიან სამუშაო კვირას დაბრუნებოდა.

2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულმა და 2023 წლის იანვარში დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წარდგენილმა მონაცემებმა აჩვენა არა მხოლოდ თანამშრომლების ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ მათი პროდუქტიულობის ზრდა, ასევე სამსახურიდან დათხოვნის ნაკლები მოთხოვნები. ეს ყველაფერი აისახა კომპანიების შემოსავალზე - შემოსავალი ყოველთვიურად იზრდებოდა. ექსპერიმენტის დასასრულს, დასაქმებულთა მეოთხედმა აღიარა, რომ ხელფასის ვერავითარი ზრდა ვერ დაარწმუნებს, რომ ტრადიციულ სამუშაო გრაფიკს დაუბრუნდნენ.

სოციოლოგები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ გრაფიკის ამგვარ ცვლილებას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე და მათ ინდივიდუალურ კეთილდღეობაზე, ასევე ეკონომიკაზე და კლიმატზეც კი.

მეცნიერები რამდენიმე ათეული წელია საუბრობენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივი სამუშაო დღის საშიშროებაზე, ხოლო 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადგინეს, რომ ზეგანაკვეთურმა სამუშაომ 745 ათასი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. თითოეული მათგანის შემთხვევაში მიზეზი ინსულტი ან გულის იშემიური დაავადები გახდა.

ამას გარდა, ინტერნეტის ეპოქაში - განსაკუთრებით კი ელექტრონული ფოსტისა და მესენჯერის გამოყენებით, ადამიანები სულ უფრო ხშირად აგვარებენ სამსახურის საქმეებს არასამუშაო საათებში. 2012 წელს, ამერიკულმა კომპანიამ Good Technology გაარკვია, რომ მისი თანამშრომლების 80% ოფისის გარეთაც მუშაობს - მაგალითად, გაღვიძებისთანავე ისინი ფოსტას ამოწმებენ.

ცხოვრების თანამედროვე ტემპი აიძულებს ადამიანებს მუდმივ კონტაქტზე ყოფნის ვალდებულებას, პანდემიამ კი მთლიანად წაშალა საზღვრები სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის და ბევრისთვის სამუშაოს ხანგრძლივობა ახლა ფაქტობრივად, შეუზღუდავია.

man-7116367-1920-1-1675948937.jpg

აღსანიშნავია, რომ შვედეთში მოკლე სამუშაო კვირის შესახებ იდეა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნიდან განიხილება, 2015 წელს კი ქვეყანაში ყველაზე დიდი პროექტი დასრულდა - გეტერბორგში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში 80 მედდა ორი წლის განმავლობაში 6-საათიანი გრაფიკით მუშაობდა. შვედეთის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ მოკლე სამუშაო საათები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამშრომლების დაღლილობასა და სტრესის დონეზე, ძილის რაოდენობასა და ხარისხზე, ასევე სამუშაო-ცხოვრების ბალანსზე.

4-დღიანი პერიოდის ყველაზე დიდი ტესტირება სახელმწიფო დონეზე არის ისლანდიის ხელისუფლების პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დაწესებულებების 2,5 ათასმა თანამშრომელმა. კვლევა გაგრძელდა 4 წელი - 2015 წლიდან 2019 წლამდე - და ის მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო. ბრიტანულმა კვლევითმა ცენტრმა Autonomy-მ პროექტს "განსაცვიფრებელი წარმატება" უწოდა - ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით, მონაწილეებმა სტრესის დონის შემცირებისა და კეთილდღეობის საერთო გაუმჯობესების შესახებ განაცხადეს.

2019 წელს, კომპანია Microsoft-ის იაპონურმა განყოფილებამ პარასკევი დასვენების დღედ გამოაცხადა, ხოლო სამუშაო შეხვედრები 30 წუთამდე შეამცირა. შედეგად, კომპანიის სამუშაო პროდუქტიულობამ 40%-ით მოიმატა. ამას გარდა, სიახლემ კორპორაციის საოფისე რესურსებისა და ელექტროენერგიის ეკონომიაც გამოიწვია - ამობეჭდილი გვერდების რაოდენობა 58,7%-ით შემცირდა, ხოლო ენერგიის მოხმარება 23%-ით შემცირდა.

უნიკალური მიდგომა

ორგანიზაცია 4 Day Week Global-ის ექსპერიმენტი გამოირჩევა იმით, რომ იგი განხორციელდა მეცნიერების მხარდაჭერით ერთდროულად რამდენიმე დიდი დასავლური უნივერსიტეტიდან - ბოსტონის კოლეჯიდან, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან და კემბრიჯის უნივერსიტეტიდან. ოთხდღიან ცდაში მონაწილეობა მიიღო 33-მა კომპანიამ და ორგანიზაციამ აშშ-დან, ირლანდიიდან და ავსტრალიიდან, ჯამში იყო 969 თანამშრომელი.

ექსპერიმენტს დათანხმდნენ ძირითადად მცირე საწარმოები (10-დან 400-მდე თანამშრომელი) საკმაოდ ახალგაზრდა პერსონალით. კვლევაში ჩართული თანამშრომლების თითქმის ნახევარი იყო 35 წლამდე, 30% - 35-დან 44 წლამდე ასაკის, ხოლო დაახლოებით 20% - 45 წლის და უფროსი ასაკის იყო.

ექსპერიმენტი ორი რაუნდისგან შედგებოდა: პირველი ტესტი 2022 წლის თებერვლის დასაწყისში დაიწყო, მეორე - 1-ელ აპრილს. ყველა კომპანიამ გაიარა ორთვიანი წინასწარი ტრენინგი გრაფიკის შესაცვლელად - თანამშრომლები დაესწრნენ სემინარებს და დაუკავშირდნენ მეცნიერთა მენტორებს. შედეგები ნოემბერში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დასკვნები კომპანიების ადმინისტრაციულ მონაცემებსა და თანამშრომელთა გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გააკეთეს. ყველა ფირმა აწვდიდა ყოველთვიურ მონაცემებს რამდენიმე ინდიკატორის შესახებ - შემოსავალი, სამსახურიდან გათავისუფლება, ახალი თანამშრომლების დაქირავება და ენერგიის მოხმარება. კვლევის მეთოდოლოგიის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო პერსონალის გამოკითხვის სრული კონფიდენციალურობა - დამსაქმებლებს არ ჰქონდათ წვდომა ამ მონაცემებზე.

difference-between-workplace-and-workspace-768x512-1675948907.jpg

ჰარმონია და ბალანსი

ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა აღნიშნეს ათობით ინდიკატორის გაუმჯობესება, დაწყებული შრომის პროდუქტიულობიდან პერსონალის კეთილდღეობამდე. თანამშრომლებმა მოკლე სამუშაო კვირაზე გადასვლა 10-ქულიანი სისტემით შეაფასეს.

თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ მათი სამუშაო დღე გაცილებით პროდუქტიული გახდა, ხოლო თავის მოვალეობებს გაცილებით უკეთ უმკლავდებოდნენ. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ მათი მუშაობის ტემპი გაიზარდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა პოსტ-პანდემიურ პერიოდში, როდესაც საწარმოების თანამშრომლები მთელს მსოფლიოში განიცდიდნენ სტრესისა და დაღლილობის უპრეცედენტო დონეს. სამუშაო კვირის შემცირებამ საგრძნობლად გაზარდა მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, რომლებმაც კვლევის ბოლოს განაცხადეს, რომ ისინი გაცილებით ნაკლებ სტრესს განიცდიდნენ და უფრო გამძლეები გახდნენ როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. „ეს მტკიცედ მიგვანიშნებს, რომ ოთხდღიან სამუშაო კვირას აქვს პოტენციალი, შეამციროს ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები“, - განაცხადეს მკვლევარებმა.

„2-დღიანი უქმეები აღარ მუშაობს. ბევრ ქვეყანაში 1938 წელს დაწესებული სამუშაო კვირა რჩება, მაგრამ ის არ შეესაბამება თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს“ - აღნიშნავს ბოსტონის კოლეჯის ეკონომისტი და სოციოლოგი.

ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით, მონაწილეების 97%-მა განაცხადა, რომ მუშაობის გაგრძელება ახალი გრაფიკით სურს. ბევრმა მათგანმა დაამატა, რომ ოფისებში დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში ხელფასის მომატებას მოითხოვს. ნაწილი კი თვლის, რომ არანაირი ზედმეტი ფული არ აიძულებს მას, 5-დღიან გრაფიკს დაუბრუნდეს.

ეკა დარჩიაშვილი