რა ოდენობის სანებართვო მოსაკრებელი უწესდებათ ონლაინ კაზინოებს - დარღვევაზე ჯარიმა იქნება

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მიიღო. ​კანონპროექტი სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს აწესებს.

გარდა ამისა, ადგენს სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს, სანებართვო პირობებს, ასევე, პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე.

​კანონში შეტანილი ცვლილებებით, შემოდის შემდეგი ახალი ნებართვების სახეობები: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა.

ახალი ნებართვების სახეობებისთვის დგინდება სანებართვო მოსაკრებლები. კერძოდ, ნებართვის მოსაკრებელი თითოეულ შემთხვევაში 100 ათას ლარს შეადგენს. ვინაიდან ახალი ნებართვის სახეობები შემოდის, შესაბამისად წესდება საჯარიმო სანქციები ამ საქმიანობების სანებართვო პირობების და წლიური მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე. კერძოდ: სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა იქნება 7 000 ლარი; მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის 20 000 ლარი.

ცნობისთვის, აღნიშნული ცვლილება 2024 წლის ივნისიდან ამოქმედდება.

თაია არდოტელი