ყირიმის მიერთებით რუსეთის ეკონომიკა 150-200 მილიარდით დაზარალდება

ყირიმის მიერთების შედეგად, რუსეთის ეკონომიკა მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში 150-200 მილიარდი დოლარით დაზარალდება.

ამის შესახებ, "ბიბისის" ცნობით, რუსეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა განაცხადა.  "ყირიმის დაფინანსება რუსეთს წლის განმავლობაში 7.6 მილიარდი დოლარი დაუჯდება. თუ გავითვალისწინებთ არაპირდაპირ და სხვა დანახარჯებს, მომდევნო 3-4 წელიწადში შესაძლოა, ამ თანხამ 150-200 მილიარდ დოლარს მიაღწიოს", - განაცხადა კუდრინმა.

მისივე თქმით, ყირიმის მიერთების შედეგად არაპირდაპირ დანახარჯებს სანქციები და რუსეთის ეკონომიკის მიმართ მსოფლიოში დამოკიდებულების შეცვლა გამოიწვევს. რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ 2015 წელს რუსეთში ინვესტიციების რაოდენობა შემცირდება, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კი რუსეთის ეკონომიკას სტაგნაცია ემუქრება.