„უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კანონები მიიღება მუდმივად, მაგრამ არ სრულდება" - რა მოლოდინი აქვს ბიზნესს haccp-ის სტანდარტის ამოქმედების შემდეგ

სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1-ელ ივნისამდე დანერგოს.

რძის პროდუქტების მწარმოებელი და რეალიზატორი კომპანია „შირაქის" დამფუძნებელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ სტანდარტის დანერგვა პირველ ეტაპზე ფასს გაზრდის, მაგრამ ბიზნესი ამასაც მიესალმება, თუ აღსრულება იქნება რეალური.

„ხარჯებს ნაწილობრივ გაზრდის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კანონები მიიღება ხდება მუდმივად, მაგრამ არ სრულდება, შესაბამისად, ვერაფერს შეცვლის. გამოიყოფა ადამიანების რაოდენობა და ჯგუფები, რომლებიც პირველ ეტაპზე გააკონტროლებენ და შემდეგ, გრძელდება ჩვეულებრივ, ძველებურად. უმთავრესი პრობლემის აღმოფხვრას ვერ მივაღწიეთ ბაზრებში, საუბარია ყველის ეტიკეტირებაზე. საცხობებში და რესტორნებში რომ ეტიკეტირებული რძე, ყველი და რძის სხვა პროდუქტები შედიოდეს. დღეს, ეს არის მთავარი პრობლემა ფალსიფიკაცია და მასთან ბრძოლა. ეტიკეტი თუ გვაქვს, ნიშნავს რომ მიკვლევადია.

ვთანხმდებით, რომ გამართული კანონმდებლობა კარგია, მაგრამ შემდეგი აღსრულება არ ხდება. ახალი ცვლილება სარეალიზაციო პუნქტებში ერთჯერადად გაზრდის ხარჯებს, მაგრამ ამასაც კი მივესალმებით, თუ აღსრულდება. შემდეგში, მცირედით მეტი იქნება დანახარჯი ხსნარების და წყლის, მაგრამ ამასაც მივესალმებით, თუ ცვლილებები იქნება რეალური“, - განუცხადა ბენიაიძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

რეგულაცია შეეხება ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოებასაც. სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელ კომპანია ,,ბადაგში" ამბობენ, რომ მათთვის, გაზრდილი დოკუმენტაციის წარმოების გარდა, ცვლილება არ იქნება, რადგან სტანდარტები ისედაც დაცული აქვთ.

,,ჩვენს კომპანიაში დანერგილია ISO 22000 და ISO 9001, რაც სრულად ითვალისწინებს სურსათის უვნებლობის მართვის სისტემას. აღნიშნული სტანდარტების დანერგვა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არ ასახულა პროდუქციის სარეალიზაციო ფასზე. საკმაოდ დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე წარმოება ევროპული სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს კახეთში, ამიტომ პროცესი არ შეცვლილა, თუმცა მეტი დოკუმენტის წარმოება დაემატა" - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ქართული ნუგბარის მწარმოებელ კომპანიაში განუცხადეს.

თამარ მუკბანიანი