მონტენეგრომ „ოქროს პასპორტის“  პროგრამა ოფიციალურად დაასრულა

მონტენეგრომ „ოქროს პასპორტის“ პროგრამა დაასრულა. სპეციალური საინვესტიციო პროგრამის საფუძველზე ქვეყნის ეკონომიკასა და უძრავ ქონებაში ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობა 1-ლი იანვრიდან აღარ გაიცემა. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სტაბილიზაციისა და ასოცირების კომიტეტის შეხვედრაში მონტენეგროს დელეგაციის მონაწილეობის ანგარიშში არის ნათქვამი.

მონტენეგროს წარმომადგენლებმა ევროკავშირს პროგრამის დასრულების შესახებ ოფიციალურდ აცნობეს. დოკუმენტში წერია, რომ პროგრამას „განსაკუთრებული მნიშვნელობა“ ჰქონდა მონტენეგროს ეკონომიკური ინტერესებისთვის, თუმცა ქვეყანამ შესაძლო რისკებზე ევროკომისიის გაფრთხილებები გაითვალისწინა. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საინვესტიციო სქემით მოქალაქეობის გაუქმება მნიშნვნელოვანია, რადგან სქემა მძიმე დანაშაულის რისკებს შეიცავს.

მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანების პრეტენდენტია, ხოლო NATO-ში ქვეყანა ოფიციალურად 2017 წელს გაერთიანდა. მონტენეგროს მოქალაქეობის მისაღებად ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე უძრავ ქონებაში, სულ ცოტა, 250 000 ევროს, სანაპიროზე 450 000 ევროზე მეტი ინვესტიცია, ხოლო მონტენეგროს სახელმწიფო ფონდებში 200 000 ევროს შეტანა იყო საჭირო. მონტენეგრო ერთ-ერთია ევროპის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც მოქალაქეობა ინვესტიციის სანაცვლოდ იყო დაშვებული. პროგრამა 2019 წელს ამოქმედდა, თუმცა პასპორტების გაცემა 2020 წელს, კორონავირუსის კარანტინის გაუქმების შემდეგ დაიწყო.

2022 წელს მონტენეგროს პასპორტი სხვადასხვა მიზეზის გამო 400-ზე ოდნავ მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთაგან, დაახლოებით, ყოველი მესამე (140 ადამიანი) რუსეთიდანაა. ამ 140 პირიდან მხოლოდ ორმა, ბლოკჩეინ Ethereum-ის დამფუძნებელმა, ვიტალიკ ბუტერინმა და ტანმოვარჯიშე ელიზავეტა ლუგოვსკიხმა მოქალაქეობა არასაინვესტიციო პროგრამით მიიღო.

რუსებს შორის, რომლებმაც გასულ წელს მონტენეგროს მოქალაქეობა მიიღეს, „კრასნოე-ი ბელოეს“ მაღაზიათა ქსელის დამფუძნებელი, სერგეი სტუდენიკოვია, რომლის ქონებაც Forbes-მა 2021 წელს 1,8 მლრდ დოლარად შეაფასა. 2022 წელს მონტენეგროს მოქალაქე, ასევე, გახდა საინვესტიციო ფონდ Ultimate Capital-ის მმართველი პარტნიორი, ევგენი ზალცმანი, შვეიცარულ ბანკ UBS-ის რუსული განყოფილების ხელმძღვანელი, ფედორ ტრეგუბენკო და ინდაურის, იხვისა და ცხვრის ხორცის მწარმოებელ Damate-ს თანადამფუძნებელი და თანამფლობელი, რაშიდ ხაიროვი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ