"ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ შევძელით საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გვექცია მსოფლიოში"

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ შევძელით საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გვექცია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები გააჩნია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით საქართველო მესამე ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის და ჯამური საგადასახადო განაკვეთი 9.9%-ა. ასევე მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, 2020 წლის კვლევით, საქართველო მე-7 ადგილზეა გლობალურად. ჩვენ ასევე ვთავაზობთ არსებითად მიმზიდველ შეთავაზებებს ინვესტორებს, რადგან ისეთი საგადასახადო მოდელი შევქმენით, რომლითაც გაუნაწილებელი მოგება არ იბეგრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე - “საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ამ ზონებში საექსპორტო საქონელი იწარმოება, ისინი გადასახადებისგან თავისუფლდებიან.

მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს პოზიტიურ შეფასებებზე ისაუბრა.

„გარდა ამისა, საქართველოს აქვს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ამ ზონებში საექსპორტო საქონელი იწარმოება და გადასახადებისგან თავისუფლდებიან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთების მიმართულებად და დანიშნულების ადგილად ქცევას. The Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ანგარიშში საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე 15 ქვეყანას შორის მოხვდა. 2021 წლის „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის“ (IBP) და ღია ბიუჯეტის (OBS) კვლევის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა 120 ქვეყანას შორის სახელმწიფო ბიუჯეტების გამჭვირვალობის მიმართულებით. საინვესტიციო პოლიტიკის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი ნორმებით შეზღუდვის ინდექსის საფუძველზე საქართველო მე-8 ადგილზეა 80 ქვეყანას შორის და მსოფლიოში ყველაზე ღია ეკონომიკაზე მეტყველებს. The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ინდექსში საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპაში და წინ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს 177 ქვეყანას შორის. ეს აღიარება მოწმობს იმ უზარმაზარ წინსვლას, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობის და ყველა მოქალაქის უფრო წარმატებული მომავლის შექმნისთვის მივაღწიეთ,“- აღნიშნა პრემიერმა.