მისო-ების მოგება თითქმის 40%-ით გაიზარდა

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 2022 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

როგორც მონაცემებიდან ირკვევა, მისოების წმინდა მოგებამ გასულ წელს 113 685 511 ლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 32 453 293 ლარით, თითქმის 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მე-3 კვარტალში მისოების მოგება 81 232 218 ლარი იყო.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალის მდგომარეობით, მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 1 879 170 672 ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 662 993 639 ლარი იყო.

სებ-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 371 934 594 ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 337 544 384 ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 6 528 018 ლარი შეადგინა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 72 422 940 ლარი იყო.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს ბაზარზე 36 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.

თაია არდოტელი