ჯეიჰანის პორტში აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება აღდგა

თურქეთის ჯეიჰანის ტერმინალზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად ტანკერებში ჩატვირთვა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას BP Azerbaijan ავრცელებს, რომელიც აზერი-ჩირაგი-გიუნეშლის საბადოების განვითარების ოპერატორია, საიდანაც ნავთობი ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე ჯეიჰანის პორტს მიეწოდება.

სააგენტო Report გასულ კვირას წერდა, რომ ჯეიჰანიდან ნავთობის ჩატვირთვები ბთჯ-ის მილსადენის თურქული მონაკვეთისა და ჯეიჰანის ტერმინალის ოპერატორმა კომპანია Botas International Limited-მა (BIL) მიწისძვრის შემდეგ შეაჩერა. მიზეზად ერთ-ერთ ჩასატვირთ ნავმისადგომზე ნავთობის გაჟონვა დასახელდა, რომელიც 6 ​​თებერვალს, თურქეთის ამ რეგიონში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა.

BP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ თამამ ბაიათლის თქმით, ზარალი შეფასდა, შესაბამისი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და ტესტირების შემდეგ კომპანია დარწმუნდა, რომ ნავმისადგომის ნავთობჩასატვირთი მოწყობილობები სრულიად უსაფრთხოა. ამდენად, ოპერატორმა კომპანიამ მსოფლიო ბაზრებზე შემდგომი ტრანსპორტირებისთვის ტანკერებზე ნავთობის ჩატვირთვა განაახლა.

აზერბაიჯანული ნავთობის ბთჯ-ის მილსადენით გადაქაჩვა მაშინაც გრძელდებოდა, როცა ტერმინალის მუშაობა შეჩერებული იყო. ნედლეული ჯეიჰანის ტერმინალის რეზერვუარებში ინახებოდა. თამამ ბაიათლი ამბობს, რომ კომპანია ბაქოს სანგაჩალის ტერმინალიდან ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის ჯეიჰანში ტრანსპორტირებას განაგრძობს, რომელიც ტერმინალის შესანახ ავზებში იღვრება.

ჯეიჰანის პორტს ნავთობშესანახი 7 რეზერვუარი აქვს და თითოეული მილიონი ბარელის ტევადობისაა. ბთჯ-ის მილსადენის დღიური გამტარუნარიანობა 1,2 მილიონი ბარელი ნავთობია.

ამ მილსადენით, ასევე, სხვა აქვეყნების, კერძოდ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი ხდება. თუმცა პარასკევს ყაზახეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია „ყაზმუნაიგაზმა“ განაცხადა, რომ გიგანტური თენგიზის საბადოდან ბთჯ-ის მილსადენით თებერვლაში დაგეგმილი ექსპორტის დაწყება გადაიდო. მიზეზად BP Azerbaijan-ის მიერ ჯეიჰანიდან ნავთობგადაზიდვებზე გამოცხადებული ფორსმაჟორული მდგომარეობა დასახელდა.

„ყაზმუნაიგაზი“ თებერვალში ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის მიწოდებას კომპანია Tengizchevroil-ის (TCO) წილიდან გეგმავდა, რომელსაც ის ამერიკულ ნავთობკომპანია Chevron-თან და სხვა აქციონერებთან ერთად ფლობს. „ყაზმუნაიგაზი“ აქტაუს პორტიდან კასპიის ზღვის გავლით ბაქოში, შემდეგ კი ბთჯ-ის მილსადენით 120 000 ტონამდე ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას აპირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ