რამდენი მილიონის შემოსავალს იღებენ სუპერმარკეტები საქართველოში - რეიტინგი

"ბრინჯი იქნება, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი თუ ზეთი - 70, 60, 50, 80% არის ფასნამატი საბითუმო ფასებზე. ამას შემდეგ ემატება საცალო ფასები, ფასნამატი მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია", - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ ამ განცხადებას საზოგადოებაში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.

ღარიბაშვილი მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულ ნერვს, მაღალ ფასებს შეეხო და იმპორტიორების კეთილსინდისიერ მუშაობაში თუ "გონივრულ მარჟებში" შეიტანა ეჭვი, საკითხის შესწავლა და მსხვილი იმპორტიორების დაბარება კი ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა.

პრემიერ-მინისტრის ტონი ეკონომისტებმა, ბიზნესის წარმომადგენლებმა თუ სხვებმა სხვადასხვაგვარად აღიქვეს - ზოგი მათგანის აზრით, ბიზნესთან ამგვარი საუბარი და "თითის დაქნევის" პოლიტიკა დაუშვებელია, ზოგიერთმა კი პირიქით, გადაწყვეტილება მოიწონა.

მიუხედავად განსხვავებული დამოკიდებულებისა, საზოგადოებას კითხვები გაუჩნდა იმპორტირებული პროდუქციის ფასებსა და სუპერმარკეტების მოგების მარჟებთან დაკავშირებით. ამას კი ემატება ისიც, რომ საქართველოში ინფლაცია კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და ბოლო მონაცემებით, 9.4%-ს შეადგენს.

სწორედ ამიტომ, "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ საქართველოში არსებული უმსხვილესი სუპერმარკეტების რეიტინგს შემოსავლების მიხედვით და მათი მოგება/ზარალის 2021 წლის მაჩვენებლებს, რომლებსაც კომპანიები Reportal.ge-ზე აქვეყნებენ.

შემოსავლების მიხედვით, ქვეყანაში სამი უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელია:

  • ნიკორა ტრეიდი - 650.6 მლნ ლარით
  • ორი ნაბიჯი 592.7 - მლნ ლარით
  • კარფური (შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია) - 570.3 მლნ ლარით

10 უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის ჩამონათვალი კი შემდეგნაირია:

untitled-design-graph-1-1676474755.png

რაც შეეხება მოგება/ზარალის მაჩვენებლებს, ყველაზე დიდი მოგება 2021 წელს ორ ნაბიჯს აქვს - 20.4 მლნ, შემდეგ კი მოდიან ნიკორა 20.2 მლნ-ით და აგროჰაბი 12.3 მლნ-ით. უმსხვილესი ათეულის სრული ჩამონათვალი კი შემდეგნაირია:

  • ორი ნაბიჯი - 20.4 მლნ ლარის მოგება;
  • ნიკორა - 20.2 მლნ ლარის მოგება;
  • აგროჰაბი - 12.3 მლნ ლარის მოგება;
  • ფრესკო - 10.2 მლნ ლარი
  • ევროპროდუქტი - 8.8 მლნ ლარის მოგება;
  • კარფური - 5.1 მლნ ლარის მოგება;
  • ზღაპარი - 1.2 მლნ ლარის მოგება;
  • მაგნიტი - 476 ათასი ლარის მოგება;
  • გუდვილი - 51 ათასი ლარის მოგება;
  • სპარი - 13.6 ათასი ლარის ზარალი.
კახი ჩაკვეტაძე