S&P - კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბანკები წელს ახალი ბიზნესის მოცულობის გაზრდას შეძლებენ

საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში ბანკების საოპერაციო საქმიანობის პირობები 2023 წელსაც ხელსაყრელი იქნება. ისინი შეძლებენ, ახალი ბიზნესის მოცულობა სტაბილური მომგებიანობის შენარჩუნებით გაზარდონ, ასევე, აქტივების ხარისხიც თანდათან გაუმჯობესდება. ამის შესახებ საერთაშორისო სააგენტო S&P Global Ratings-ის ანალიტიკურ ანგარიშში წერია, რომელშიც 2023 წლის საბანკო სექტორის პროგნოზი არის წარმოდგენილი. ანგარიშს kapital.kz ავრცელებს.

ამასთან, ანგარიშში წერია, რომ მსოფლიოში რთული და პოტენციურად არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის, ასევე, ევროპის სუსტი ეკონომიკური პერსპექტივების გამო განვითარებადი ქვეყნების ბანკებს საკმაოდ რთული წელი მოელით.

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან შუა აზიის ხუთ ქვეყანაში და კავკასიაში ხალხისა და კაპიტალის შედინება, ასევე, სავაჭრო ნაკადის ზრდა დაფიქსირდა. ეს რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და ქვეყნიდან ბევრი საერთაშორისო კომპანიის გასვლამ განაპირობა. ჩვენ მოველით, რომ ეს შედინება აზერბაიჯანის გარდა, რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. თუმცა ზრდის ტემპები უფრო დაბალი იქნება, ვიდრე 2022 წელს იყო. ამავდროულად, ფართომასშტაბიანმა მიგრაციამ, საცხოვრებლისა და ქირის ფასების მატების გამო, შესაძლოა, ეკონომიკური დისბალანსი გაზარდოს,“ - ნათქვამია ანგარიშში.

იმის მიუხედავად, რომ საბანკო ინდუსტრიისა და ქვეყნის რისკის შეფასების (Banking Industry and Country Risk Assessments-BICRAs) მიხედვით, ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნისა და კავკასიის საბანკო სისტემა გლობალურ კონტექსტში, ზოგადად, მაღალი რისკის ქვეშაა, ექსპერტები ამ ბაზრებზე ეკონომიკური და დარგობრივი რისკების განვითარების სტაბილურ ტენდენციას ხედავენ.

S&P-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკა წინა წლების რეცესიიდან გამოსვლას განაგრძობს და საკრედიტო დანაკარგები ციკლის საშუალო მაჩვენებლამდე ნორმალიზდება, ხოლო ყაზახეთის ეკონომიკა კორექტირების გაჭიანურებულ ფაზაში რჩება, რასაც შესაბამის ქვეყნებთან შედარებით, უმოქმედო სესხების უფრო მაღალი წილი მოწმობს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კარგი მაკროეკონომიკური ზრდის პერსპექტივები რეგიონში წელს საშუალოწლიური ნომინალური დაკრედიტების ზრდას, დაახლოებით, 10-15%-ით გამოიწვევს, რაც ხელს შეუწყობს კორპორაციული, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების ზრდას მთავრობის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში. ამასთან, საქართველოში, სომხეთსა და უზბეკეთში სესხებზე დოლარიზაციის მაღალი, თუმცა ნელ-ნელა კლებადი დონე, გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში, პოტენციურ საკრედიტო რისკს ზრდის.

საქართველოს და სომხეთის ბანკებს შეზღუდული მოცულობით, თუმცა ჯერ კიდევ შეუძლიათ იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში, რაც S&P-ის ანალიტიკოსებს ამ ქვეყნების საბანკო სექტორისთვის რისკ-ფაქტორად მიაჩნიათ. მათი შეფასებით, საცალო მსესხებლები, რომლებიც ყველაზე მეტად ჭარბობენ, ვალუტის კურსის ცვალებადობის მიმართ მგრძნობიარე არიან. მაგალითად, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს სომხური დრამი და ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა, რაც უცხოურ ვალუტაში კრედიტის მქონე მსესხებლებისთვის მომგებიანი იყო.

მაღალი საპროცენტო განაკვეთები, საცალო პროდუქტებზე ორიენტირებული დაკრედიტების ზრდა, რისკის ღირებულების ნორმალიზება და საოპერაციო ხარჯების კონტროლი მთავარი ფაქტორები იქნება რეგიონის ბანკების მომგებიანობის სტაბილიზაციისთვის. საბაზისო სცენარით, წელს მომგებიანობა 2022 წლის დონეზე დარჩება. თუმცა საოპერაციო გარემოში გაურკვევლობის ზრდამ, განსაკუთრებით კი ინფლაციურმა ზეწოლამ და საპროცენტო განაკვეთების მატებამ შესაძლოა, S&P Global Ratings-ის პროგნოზის გაუარესება გამოიწვიოს.

მაღალი ინფლაცია, გაცვლითი კურსის მერყეობა და საგარეო სესხების რეფინანსირების აუცილებლობა რეგიონის ქვეყნების საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვან რისკებად რჩება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ