პოლონეთში ქართული ღვინო და ჭაჭა წარადგინეს

პოლონეთში ქართული ღვინო და ჭაჭა წარადგინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება ვარშავაში და კრაკოვში გაიმართა. პოლონური მხრიდან ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანია Vinisfera იყო. ქართული ღვინის პოლონეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, Vinisfera-ის თაოსნობით, გასული წლიდან მოყოლებული პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში არაერთი ღონისძიება გაიმართა.

ამჯერად, ღვინოსთან ერთად პოლონეთში ჭაჭაც იყო წარმოდგენილი. კერძოდ, 26 მარტს ქართული ღვინის სემინარი და დეგუსტაცია, 27 მარტს ქართული ჭაჭისა და ჭაჭისგან დამზადებული ინოვაციური კოქტეილების წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა ვარშავაში, ხოლო 30 მარტს ქართული ღვინის სემინარი/დეგუსტაცია და 31 მარტს ჭაჭის პრეზენტაცია კრაკოვში გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული ღვინისა და ჭაჭის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე და ასევე პოლონეთის ბაზარზე დამკვიდრებას.

ღონისძიებებზე წარდგენილი იყო შემდეგი ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია: „ვაზიანი+“, „ჩელთი“, „ქინძმარაულის მარანი“, „ვაინმენი“, „შუხმან ვაინსი“, “KTW”, „თელიანი ველი“, „არმაზი“, „ბესინი“, „შატო მუხრანი“, „თბილღვინო“, „დუგლაძეების ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“ და „ტიფლისკი ვინნი პოგრები“.

პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხეთეულშია. 2014 წელს ამ ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 1,5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებლზე.