პუტინი უკრაინის ომის შემდეგ მსხვილ ბიზნესს პირველად შეხვდება

პუტინი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ პირველად შეხვდება. ის მონაწილეობას მიიღებს რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ყრილობაში, რომელიც სამი ძირითადი ბიზნესასოციაციიდან ერთ-ერთია. ამის შესახებ „ვედომოსტის“ პუტინის ადმინისტრაციისა და რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირთან დაახლოებულმა სამმა წყარომ განუცხადა.

მრეწველთა კავშირთან დაახლოებული თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ ყრილობა 16-18 მარტს მოსკოვის მუსიკის სახლში გაიმართება, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარო დასძენს, რომ პუტინი, სავარაუდოდ, უმსხვილესი კომპანიების მმართველების შეხვედრას პირველ დღეს დაესწრება. თუმცა ის კავშირის გამგეობის ბიუროს, შესაძლოა, ცალკეც შეხვდეს.

პუტინი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიზნესასოციაციებს არ შეხვედრილა. რუსული ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ბოლოს ასეთი შხვედრა 2022 წლის 24 თებერვალს, მას შემდეგ შედგა, რაც პუტინმა საომარი მოქმედებების დაწყება გამოაცხადა. მაშინ ის რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის პრეზიდენტ ალექსანდრ შოხინმა გააფრთხილა, რომ ახალი სანქციები წინაზე ბევრად უფრო მკაცრი იქნებოდა და გავლენას მოახდენდა ბევრ სექტორზე, როგორიც არის ფინანსური, სამთომომპოვებელი მრეწველობა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის მიწოდება, რაც, ასევე, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჯაჭვების შეფერხებას გამოიწვევდა.

პუტინი არაერთხელ გამოსულა სიტყვით მრეწველთა კავშირის პლენარულ ყრილობაზე. ბოლოს ეს 2021 წლის დეკემბერში მოხდა, როცა ორგანიზაციას 30 წელი შეუსრულდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ