გიორგი კვირიკაშვილმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტი მიიღო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტი კარინ ფინკელსტონი მიიღო, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და IFC-ის მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა IFC-ის საქმიანობაზე საქართველოში, იმ პროექტებზე, რომელთაც ორგანიზაცია ახორციელებს ან სამომავლოდ მათ დაწყებას გეგმავს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის, შუახევიჰესის პროექტზე. მას "აჭარისწყალი ჯორჯია" განახორციელებს, რომელიც ერთობლივი საწარმოა ინდურ tata Power-ს, ნორვეგიულ Clean Energy Invest-ს და IFC-ს შორის. ამ პროექტისთვის IFC-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება საერთო ჯამში 104 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო პროექტები. IFC-ის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს მსხვილი პროექტების მიმართ და აღნიშნეს, რომ საქართველოს უახლოესი მომავლის ეკონომიკური პერსპექტივის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს IFC-სთან თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზეც. საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი ტიპის ფინანსური სქემების შემუშავებისას, განსაკუთრებით საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელების აწყობისას, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება".