ქართული კურორტების სიძვირის საიდუმლო

"სეზონური გადასახადების შემოღება ძალიან დიდი შეღავათი იქნება ამ სექტორისთვის"

საქართველოს კურორტების უმეტესობას სეზონურობა ახასიათებს - როგორც წესი, მთის კურორტები უფრო მეტად ზამთრის სეზონზეა დატვირთული, ხოლო ზღვის - ზაფხულობით. ამ მხრივ ჩვენ ბევრად ჩამოვრჩებით მოწინავე საკურორტო ქვეყნებს, როგორიც არის მაგალითად, შვეიცარია, ან ავსტრია, სადაც ტურისტების რაოდენობა ზამთარ-ზაფხულ თითქმის თანაბარია. სეზონური ტურიზმის გამო, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში სეზონური გადასახადების დაწესებას მოითხოვენ. მათი შეფასებით, ქონების გადასახადის ამოღება უმჯობესია სეზონურად ხდებოდეს, რაც ამ ბიზნესისთვის დიდი შეღავათი იქნება და ტურიზმის განვითარებასაც წაახალისებს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მათი ბიზნესი სულ რამდენიმე თვის განმავლობაში იძლევა მოგებას. როგორც bpn.ge-სთან საუბრისას ბორჯომში არსებული საოჯახო სასტუმრო "თორის" ხელმძღვანელმა, ვეფხვია ჯღუნიაშვილმა აღნიშნა, ბორჯომში ტურისტები ძირითადად ზაფხულობით ჩადიან და სასტუმროები სრული დატვირთვით მხოლოდ ივლის-აგვისტოში მუშაობენ.

მსგავსი ვითარებაა კახეთშიც. დასასვენებელ კომპლექს "ლოპოტას" ფინანსური მენეჯერის გიორგი უთიაშვილმა თქმით, კომპლექსს დამსვენებელი ზაფხულში უფრო ჰყავს, ვიდრე - ზამთარში. "ჩვენთანაც იგივე ხდება, რაც სხვა კურორტებზე - დამსვენებლები ზაფხულში უფრო გვყავს, ზამთარში კი - ნაკლებად. ლოპოტაში ყველაზე აქტიური პერიოდი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით გვაქვს, შემდეგ კი - პასიური თვეები მოდის, რომელიც ნოემბრიდან მარტის ბოლომდე გრძელდება. ამიტომ, თუ სხვა შეღავათს არ გაგვიწევენ, სასურველია, გადასახადები ზაფხულში მაინც გადაგვივადონ, ოღონდ ისე, რომ ამ გადავადებას საურავების დარიცხვა არ მოჰყვეს. ამ შემთხვევაში ბიზნესს აღარ მოუწევს საბანკო სესხის აღება, რასაც აუცილებლობის შემთხვევაში ბევრი მიმართავს. ბანკის სესხს კი, ბუნებრივია, პროცენტების დარიცხვა მოჰყვება, რაც ჩვენთვის დამატებითი ხარჯია. ამიტომ, მსგავსი შეღავათები სასიკეთოდ იმოქმედებს ჩვენს საქმიანობაზე", - ამბობს გიორგი უთიაშვილი.

ქობულეთში მდებარე საოჯახო სასტუმრო "ფიჭვნარის" მფლობელი თამაზ გოგიბერიძე კი ფიქრობს, რომ ყველაზე იოლი გადახდის ფორმა ფიქსირებული გადასახადია, თუმცა ისიც ნორმის ფარგლებში უნდა იყოს. "ამჟამად ქობულეთში მცხოვრები მცირე მეწარმეები 1 კვ.მეტრზე 10 ლარს ვიხდით, რაც საკმაოდ ძვირი გადასახადია. გაცილებით ოპტიმალური და მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ გადასახადი 1 კვ.მეტრზე იყოს არა ათი ლარი, არამედ - ხუთი. ეს საოჯახო სასტუმროებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტად განავითარონ თავიანთი საქმე და კომფორტული გარემო შექმნან. ჩვენთან, ნებისმიერი საოჯახო სასტუმროს მესაკუთრე თავის საქმიანობას ბანკის სესხით იწყებს, ამას ემატება სეზონური რისკიც: ეს 10 ლარი უნდა ვიხადოთ მთელი თვის განმავლობაში მაშინაც კი, თუ ბინა მხოლოდ ათი ან თხუთმეტი დღით გვქონდა გაქირავებული. მცირე ბიზნესისათვის 1 კვ.მეტრზე 10 ლარი ძალიან მძიმე ტვირთია, მით უმეტეს, თუ კერძო სასტუმროს მეპატრონეს ბანკის სესხიც აქვს აღებული, ეს ფაქტობრივად ანგრევს მის ბიზნესს", - აღნიშნავს თამაზ გოგიბერიძე.  მისი თქმით, კერძო სასტუმროებს სხვა შეღავათებთან ერთად დაბალპროცენტიანი სესხები უნდა მისცენ, მით უმეტეს, რომ ეს სახელმწიფოსთვის უაღრესად ხელსაყრელი და მომგებიანი ბიზნესია. "ტურიზმი ყველაზე იაფი შემოსავლის წყაროა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც მხოლოდ ტურიზმით გააქვთ თავი, ამიტომ ამ დარგს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს", - აცხადებს თამაზ გოგიბერიძე.

”სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის აზრით, ტურისტულ რეგიონებში დაწესებული საგადასახადო სისტემა კურორტების განვითარებას ხელს კი არ უწყობს, პირიქით - აფერხებს. მისი შეფასებით, სასტუმრო, რომელიც მოგებაზე მხოლოდ ორი თვე მუშაობს, გადასახადს მთელი წლის განმავლობაში არ უნდა იხდიდეს. "სასტუმროს მეპატრონე ვალდებულია, 12 თვის განმავლობაში იხადოს წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც მისთვის გაორმაგებული და გასამმაგებულია. ამ პირობებში რომელ გონიერ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, რომ ამ საქმეში ფული ჩადოს და სასტუმრო გახსნას? ამ ყველაფერზე ეკონომიკის სამინისტროსთან საუბარი რამდენჯერმე გვქონდა, მაგრამ ჩვენს მცდელობას რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები მუშაობენ 2-3 თვით და მთელი წლის განმავლობაში იხდიან კომუნალურ და ქონების გადასახადს", - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

"სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" ხელმძღვანელის აზრით, ეს ინვესტორებისთვისაც შემაფერხებელი ფაქტორია. "რომელი ინვესტორი ჩადებს ინვესტიციას ისეთ რეგიონში, სადაც სულ 2-3 თვე უნდა იმუშაოს და ამის გამო 12 თვის გადასახადი უნდა იხადოს? ამიტომაც არის, რომ დღეს საქართველოს რეგიონებში, გარდა თბილისისა და ბათუმისა, არ არსებობს ინვესტიციები, რომელიც უცხოელმა ინვესტორმა ამ დარგში ჩადო. ძირითადად ეს არიან ქართველები, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოვიდნენ და თავის რეგიონში სასტუმრო ააშენეს. საქართველოს რეგიონებში მოქმედ სასტუმროებს მძიმედ აწევს მოგების გადასახადი, რომლის ნაწილიც ბიზნესმა წინასწარ უნდა გადაიხადოს. სწორედ ამის ბრალია, რომ ჩვენს კურორტებზე ფასები მაღალია, მომსახურება კი ამ ფასებთან სრულიად შეუსაბამო. სიძვირის რეალური მიზეზი კი ის არის, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები არაადეკვატურად მაღალ გადასახადებს იხდიან. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სეზონური გადასახადები და სხვა სახის შეღავათები ყველა მოწინავე ტურისტულ ქვეყანაში მოქმედებს", - აღნიშნავს "სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე