ბიზნესასოციაცია "არბიტრაჟის შესახებ" კანონში ცვლილებებს მიესალმება

საქართველოს ბიზნესასოციაცია "არბიტრაჟის შესახებ" კანონში ცვლილებებს მიესალმება.

როგორც ბიზნესასოციაციაში მიიჩნევენ, საქართველოს პარლამენტის მიერ "არბიტრაჟის შესახებ" კანონში მიღებული ცვლილებების პაკეტი, რომელიც მიმდინარე თვიდან ამოქმედდა, ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ადგილობრივ და უცხოელ მეწარმეებს ბიზნეს დავების ალტერნატიული გზებით გადაჭრის შესაძლებლობას მისცემს და ამით ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში თავის წვლილს შეიტანს.

აღსანიშნავია, რომ არბიტრაჟის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების ერთ-ერთი პირველი ინიციატორი თავად ასოციაცია იყო.

"2013 წლის აპრილში ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის, ბიზნეს და პროფესიული წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოხერხდა იმ საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარებას აფერხებდნენ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ძალისხმევით, იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით მოამზადა და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა შესაბამისი ცვლილებების პაკეტი. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების წყალობით დაზუსტდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის, ასევე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების საფუძვლები; შემცირდა სახელმწიფო ბაჟი არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე; დაიხვეწა ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც არეგულირებს არბიტრის სტატუსს, პასუხისმგებლობას, არბიტრაჟისა და სასამართლოს ურთიერთობას, უზრუნველყოფს არბიტრაჟის ინსტიტუტისადმი სასამართლო სისტემის "მეგობრულ დამოკიდებულებას" და სხვა. საბოლოო ჯამში, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს უკვე გააჩნია არბიტრაჟის მარეგულირებელი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამართლებრივი ბაზა", - ნათქვამია ბიზნესასოციაციის განცხადებაში.

ბიზნესასოციაცია მადლობას უხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს, სამუშაო პროცესში ჩართულ ყველა ორგანიზაციასა და პირს, რომელთაც საკანონმდებლო პაკეტის მომზადებასა და დახვეწაში წვლილი შეიტანეს.