ბოლო 12 წელია, მცირე ბიზნესი ერთ ადგილას ფართხალებს

"მეწარმეები კანონის აღდგენამდე ილუზიებს ნუ აჰყვებიან, ვინაიდან საბოლოო ჯამში მაინც გაკოტრდებიან"

საწარმოთა ბრუნვაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20%-ს ვერაფრით გასცდა. მართალია, 2003 წლიდან დღემდე ბიზნესის ამ სეგმენტში დასაქმებულთა რაოდენობამაც მოიმატა, ხელფასმაც და ბრუნვაც გაიზარდა, თუმცა ამას ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარება არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, სწრაფი ტემპით ვითარდება მსხვილი ბიზნესი, რომლის წილი ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში 80%-საც კი აღემატება.

მცირე და საშუალო ბიზნესის განუვითარებლობას დარგის სპეციალისტები სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჭელიძე ამას ფულზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას და განათლების სიმცირეს უკავშირებს. მცირე მეწარმეთა ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე კი ამბობს, ვიდრე 2006 წელს გაუქმებული კანონი არ აღდგება, ბიზნესის განვითარებაზე საუბარი მხოლოდ "წყლის ნაყვა" იქნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2003 წელს მცირე საწარმოთა ბრუნვამ 751,5 მლნ ლარი შეადგინა, საშუალო ბიზნესის - 572,7 მლნ ლარი. ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის წელს საშუალო ბიზნესის ბრუნვა იყო 770,1 მლნ ლარი, მცირე ბიზნესის კი - 859,6 მლნ ლარი. მართალია, მცირე და საშუალო საწარმოთა ბრუნვა რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდებოდა და თანაც მნიშვნელოვნად (მაგალითად, 2011 წელს საშუალო საწარმოთა ბრუნვამ 3,839 მლნ ლარი შეადგინა, მცირე ბიზნესის კი- 3,451 მლნ ლარი), თუმცა საერთო მაჩვენებლით ის 20%-ს მაინც ვერ ასცდა.

"ქართული ოცნების"  ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს კი მცირე საწარმოთა წლიურმა ბრუნვამ 3,792 მლნ ლარი შეადგინა, 2013-ში საშუალო საწარმოთა ბრუნვა კი 4,295 მლნ ლარი იყო. მაშინაც, ისევე როგორც წლების განმავლობაში, საერთო ბრუნვაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20-22%-ის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება 2014 წლის მეოთხე კვარტალს, შარშან საწარმოთა მთლიანი ბრუნვა გაიზარდა, თუმცა მსხვლი ბიზნესის წილი ისევ 80%-მდეა, ხოლო საშუალო და მცირე ბიზნესი 20%-ს იყოფს. მე-4 კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 13 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ - 6,8 მილიარდი ლარი. მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 82,1%, საშუალო ბიზნესი - 9,3%, მცირე ბიზნესის წილი - 8,6%.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში. ამ კუთხით მსხვილი ბიზნესის წილი 2,3%-ით შემცირდა - 79,3%-მდე. საშუალო ბიზნესის წილი კი გაიზარდა 3,2%-ით - 11,5%-მდე, მცირე ბიზნესი ისევ ერთ ადგილს ტკეპნის და მისი წილობრივი მაჩვენებელი მხოლოდ 9,2%-ია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 63%, საშუალო ბიზნესი - 16,6%, მცირე ბიზნესი - 20,4%. 2014 წლის მე-4 კვარტალში 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 980,5 ლარი შეადგინა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი - 1141,8 ლარი, საშუალო ბიზნესი - 813,3 ლარი, მცირე ბიზნესი - 570,8 ლარი.

რაც შეეხება წინა წლებს, 2003-ში საშუალო და მცირე საწარმოებში სულ 150,5 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, მათი საშუალო ხელფასი კი 58-დან 86 ლარამდე მერყეობდა. 2013 წელს კი საშუალო ხელფასი 565,8 ლარს შეადგენდა, მცირეში კი - 372,2 ლარს.

სტატისტიკური მონაცემებით, 2007 წელს მცირე საწარმოებში 67,6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალოში კი - 91,7 ათასი. უკვე 2012 წელს მცირე საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა 155,3 ათას ადამიანამდე გაიზარდა, საშუალოში კი 73,661 ათასამდე. "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პირველ, 2013 წელს კი მცირე საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა და 138,3 ათასი შეადგინა, საშუალოში კი 97 ათასამდე გაიზარდა.

მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემაზე ისაუბრა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმაც. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას დანანებით აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20%-ს ვერ ასცდა. "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სტრატეგიაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო შეიმუშავებს მექანიზმებს ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. მე სრულიად ვეთანხმები და მხარს ვუჭერ ამ ხედვას. დასანანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში ჯერ კიდევ ვერ ასცდა 20%-ს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მცირე და საშუალო ბიზნესის განუვითარებლობას დარგის სპეციალისტები სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ ამის მიზეზი ფულზე ხელმისაწვდომობა და განათლების სიმცირეა.

"ქვეყანაში მეწარმეობის კულტურა არის ძალიან დაბალი. რაც ყველაზე მთავარია, პრობლემაა თანხის მობილიზება. პრაქტიკულად არც ერთი ბანკი "სტარტაპ"-ს არ აფინანსებს, უზრუნველყოფის შემთხვევაშიც კი. მეორე და მნიშვნელოვანი პრობლემა განათლების დეფიციტია. მცირე ბიზნესის განვითარების საქმე თუ სახელმწიფომ საკუთარ თავზე არ აიღო, არაფერი გამოვა. ამ მიმართულებით ადგილობრივი ბაზარი არც ერთ უცხოელ ინვესტორს არ აინტერესებს. აქ შეიძლება უცხოელი ინვესტორი გადასახადების სიმცირით და იაფი მუშახელით დავაინტერესოთ, სხვა ვერაფრით, რადგან სასწორის მეორე მხარეს ძალიან დიდი რისკია - რუსის ჯარი დედაქალაქთან 40 კილომეტრში დგას", - განუცხადა "რეზონანსს" ჭელიძემ.

იმისათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ფეხზე დადგეს, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს საგრანტო პოლიტიკა, საკონსულტაციო მომსახურება გაუწიოს მცირე მეწარმეს და შემდეგ უნდა დაიწყოს გრანტების გაცემა: "ერთადერთი ეს მიმაჩნია სწორად, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. მოლდოვამ ამ მიმართულებით უკვე 12000-ევროიანი გრანტების გაცემა დაიწყო. მსგავის პროექტი უკვე წლებია ხორციელდება პოლონეთშიც. მოკლედ, აუცილებელია სახელმწიფოს გააქტიურება", - აღნიშნა ჭელიძემ.

მართალია, საქართველოში ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამდენივე მეწარმე-სუბიექტი გვყავს. ასეთი საწარმოები ერთ წელიწადში უქმდება, რადგან ფული აღარ აქვთ ან მართვა არ იციან. "დღეს მეწარმემ შეიძლება ფული ჩადოს, საქმე დაიწყოს, მაგრამ მალე გაკოტრდეს. ამიტომაც არის, რომ მეწარმეობის სურვილი ხალხს დაკარგული აქვს და ყველა ცდილობს, სახელმწიფო სამსახურში დასაქმდეს, იქ გარანტირებული შემოსავალი მაინც აქვთ", - დასძინა ჭელიძემ.

მცირე მეწარმეთა ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე კი ამბობს, რომ იმ დრომდე, ვიდრე მცირე მეწარმეობის შესახებ 2006 წელს გაუქმებული კანონი ისევ არ აღდგება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე საუბარი მხოლოდ "წყლის ნაყვა" იქნება. "მთავრობა საერთოდ გაჩუმდეს და ნუ ახსენებენ მცირე მეწარმეობას მანამ, ვიდრე არ აღადგენენ 2006 წელს ნოღაიდელის მიერ გაუქმებულ მცირე მეწარმეობის კანონს და ამ კანონთან მიბმულ ერთადერთ სტრუქტურას - მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრს. სანამ არ აღდგება ის მინიმალური სტატუსკვო, რაც იყო 2006 წელს, მანამდე ყველამ დაანებოს თავი მცირე მეწარმეობაზე საუბარს, ვინაიდან ეს არის ბლეფი. ყველა სამთავრობო პროგრამა, როგორიცაა "აწარმოე საქართველოში" და ა.შ., რომელიც მანამდეც იყო, განწირულია. მეწარმეებს კი მოვუწოდებ, ამ კანონის აღდგენამდე ილუზიებს ნუ აჰყვებიან, ვინაიდან საბოლოო ჯამში მაინც გაკოტრდებიან", - განაცხადა საკანდელიძემ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"