დღეიდან სიმთვრალის დასადგენად ამონასუნთქი ჰაერით ექსპერტიზის ჩატარება კვლავ შესაძლებელი ხდება - რა ეღირება შემოწმება

2023 წლის 15 თებერვლიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განახლდება ამონასუნთქი ჰაერით ალკოჰოლური სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის ექსპერტიზა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ექსპერტიზის ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპერტიზის ღირებულება განსაზღვრულია, 2023 წლის 16 იანვრის საქართველოს მთავრობის N14-ე დადგენილებით და შეადგენს 100 ლარს.

„ბიუროს მომხმარებლებს ექსპერტიზის ჩატარება შეეძლებათ 24 საათის განმავლობაში, უქმე დღეების ჩათვლით, ბიუროს ოფისების შემდეგ მისამართებზე: თბილისი - ი.ჭავჭავაძის გამზირი 84 (ბაგები), ქუთაისი - ი.ჭავჭავაძის გამზირი 2ა, ბათუმი - პ.მელიქიშვილის ქუჩა 102.

ამონასუნთქ ჰაერში ალკოჰოლის შემცველობის განსაზღვრა ექსპერტიზის ბიუროში დროებით შეჩერდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის გამოცხადების და საქართველოს მთავრობის მიერ საჯაროდ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად გატარებული ღონისძიების ფარგლებში.

სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს ორგანიზმში ალკოჰოლის განსაზღვრის ექსპერტიზის ჩატარება, ასევე შეუძლია სისხლის ნიმუშის აღების მეთოდით, საქართველოს შსს-ს და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით (2013 წლის 31 დეკემბრის N1017/01-52/ნ) განსაზღვრულ კლინიკებში,“ - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.