საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ტექნოპარკში იმყოფებოდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და GITA - ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სუბირ ლალს, მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონსსა და მისიის სხვა წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრებმა აღნიშნეს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის სწრაფი განვითარების ტემპი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში.

„მხარეებმა იმსჯელეს, რა ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ დამატებით, რომ კიდევ მეტად წახალისდეს ეს პროცესი და გაიზარდოს ქართველი კერძო ინვესტორების ჩართულობა და ინვესტიციები ქართულ სტარტაპებში. აღნიშნული სტარტაპებს კიდევ უფრო სწრაფად ზრდაში დაეხმარება, რაც ასევე უზრუნველყოფს უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.