ლევან დავითაშვილმა იაპონელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იაპონიასთან ურთიერთობების განვითარებას და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ იაპონიის მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ იაპონია იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1918 წელს და თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა იაპონიის იმპერატორის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს საქართველოში და იაპონიის საელჩოს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და იაპონელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო მოწოდებულია, გააღრმაოს თანამშრომლობა იაპონიასთან და გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს. მისი თქმით, გეოგრაფიული მდებარეობის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებისა და მიმზიდველი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით, საქართველო შეუძლია გახდეს კარიბჭე იაპონური კომპანიებისთვის რეგიონში.

„გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 57%-ით გაიზარდა, ასევე, 2022 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ოთხჯერ არის გაზრდილი იაპონიიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია აქტიური ურთიერთთანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რაც მნიშვნელოვანია ციფრული დერეფნის განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე ხაზგასასმელია, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებს ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმება, რომელიც ხელს უწყობს სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიანად გამოყენებას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.