,,მარტო თბილისში 37 ავტოსადგურია, რომელთა დიდი ნაწილიც ქაოტურად შეიქმნა"

პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე ავტოსადგურების სერტიფიცირებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო პირობების შემოღებაზე მსჯელობას გეგმავს.

რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" სს თბილისის ცენტრალური ავტოსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ტრისტან სულაძე ამბობს, რომ მხოლოდ დედაქალაქში 37 ავტოსადგურია.

„წარმოიქმნა ბევრი ისეთი სადგური, რომელიც არც განრიგს იცავს, არც ადამიანებისთვის ელემენტარულ პირობებს არ ქმნის. მარტო თბილისში 37 ავტოსადგურია, რომელთა დიდი ნაწილიც ქაოტურად შეიქმნა.

მიზეზი იყო ის, რომ მოხდა დაშვება, ყოველგვარი ინფრასტრუქტურის გარეშე, შეიძლებოდა დეკლარაციის გაგზავნა, რომ მე მაქვს მესამე კატეგორიის ავტოსადგური და დანარჩენი ადამიანის სინდისზე იყო. არსებობს სტანდარტები, მაგრამ არ ხდება კონტროლი. მოგეხსენებათ, მძღოლები მცირე მეწარმეები არიან, მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია და სახელმწიფო აქამდე მიდიოდა ამ კომპრომისზე, ოღონდ დასაქმებულები ყოფილიყვნენ და გარკვეული შემოსავალი ჰქონდათ. როცა რამის კონტროლი იწყება, ამას ორი მხარე აქვს, ერთის მხრივ, ეს არ მოსწონს კერძო სექტორს, მეორეს მხრივ კი, თუ სწორი ადმინისტრირება ხდება, სექტორში იზრდება სტანდარტებიც", - ამბობს სულაძე ,,საქმეში".

თამარ მუკბანიანი