ასტანაში "ასტანა-ბათუმის" ბიზნეს ფორუმი გაიმართა

ასტანაში "ასტანა-ბათუმის" ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, ყაზახეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ყაზახეთის ტურისტული ასოციაციის და ეროვნულ მეწარმეთა პალატის წევრები. მათივე ცნობით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა აჭარის სამშენებლო, სამრეწველო ლოგისტიკური და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები და 150-მდე ყაზახური კომპანია.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბიზნეს ფორუმის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს პრეზენტაციის სახით ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში არსებული საინვესტიციო ინფრასტრუქტურული, ენერგოპროექტების, და საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ, ასევე პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში ბიზნესის დაწყების და წარმოების სამართლებრივ რეგულაციებთან, საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატთან და ლიბერალურ საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი იქნა კონკრეტული საინვესტიციო პროექტები: ქობულეთის თავისუფალი ზონის განვითარების პროექტი; "გოდერძის" საკურორტო ზონის პროექტი; ხელვაჩაურის ინდუსტრიალური ზონის განვითარების პროექტი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელის მიერ დამსწრე საზოგადოებისათვის გაიმართა პრეზენტაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული კურორტების ღირსშესანიშნაობის, ტურისტული სახეობების გაცნობის, უნიკალური კლიმატური პირობებისა და საქართველოსთან არსებული სავიზო რეგულაციების თაობაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში შედგა ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ორმხრივი შეხვედრები ყაზახეთის რესპუბლიკის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, პოტენციურ ინვესტორებთან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქართველოს საელჩოს სახელით გაიმართა მიღება, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს ქართული ეროვნული კერძების, ღვინისა და მინერალური წყლების დაგემოვნების საშუალება მიეცათ.

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში სასტუმრო Rixos Prezident Hotel Astana-ში მოეწყო საქართველოს სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ვიდეო რგოლები, სუვენირები და საინფორმაციო ილუსტრირებული ბროშურები, საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ. ასევე, გამოფენილი იქნა ტრადიციული ქართული სუვენირები, ფოტოსურათები საქართველოს შესახებ და ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია.

ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით შედგა.