რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საქართველოში?

2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 5.4 მილიონი შემოსვლა, რაც 2.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 4.7 მილიონი შეადგინა, რაც 2.7-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 3.9 მილიონს მიაღწია, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 10.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა კი 2 297.7 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საკვებსა და სასმელში ხარჯავენ. კერძოდ, გასული წლის მონაცემებით, საკვებსა და სასმელზე საშუალო ხარჯმა ვიზიტზე 763.6 ლარი შეადგინა. მეორე ადგილს, 712.5 ლარით განთავსება იკავებს, 355 ლარით კი მესამე ადგილზე საყიდლებია.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, სტატისტიკური მონაცემებით გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე გაწეული საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 247.6 ლარი; ადგილობრივ ტრანსპორტზე - 182.6 ლარი, სხვა ხარჯი კი 36.5 ლარია.

თაია არდოტელი