რატომ ვერ შეაჩერა დასავლეთის სანქციებმა პუტინის აგრესია უკრაინაში -  „სანქციების ეფექტი ყოველთვიურად გაიზრდება”

უკვე ერთი წელია რუსეთი დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების ქვეშ ცხოვრობს. მაგრამ ომი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. რატომ არ მუშაობს სანქციები ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო?

რუსეთს ფინანსური, სავაჭრო და პირადი სანქციები 40-ზე მეტმა ქვეყანამ დაუწესა: დაწყებული აშშ-დან და ევროკავშირიდან, დამთავრებული სამხრეთ კორეამდე, შვეიცარიასა და ალბანეთამდე. დასავლეთმა გაყინა რუსეთის სავალუტო რეზერვები, დააყადაღა მდიდარი რუსების იახტები და უძრავი ქონება, ჩამოაშორა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე, უარი თქვა რუსეთიდან ნავთობისა და ქვანახშირის ყიდვაზე და აკრძალა მისთვის აღჭურვილობის, ტექნოლოგიების და ფუფუნების საქონლის მიყიდვა.

რატომ არ დაინგრა რუსეთის ეკონომიკა სანქციების შედეგად?

როგორც ჩიკაგოს უნივერსტეტის ეკონომისტი, კონსტანტინ სონინი აცხადებს, რუსეთი ღარიბი ხალხით მდიდარი ქვეყანაა და ის ომისთვის კარგ ფინანსურ ფორმაში მყოფი მოემზადა.

„სანქციების დაწესების დროს ხაზინაში ჯერ კიდევ იყო ზედმეტი ფული და უცხოური ვალუტის შემოდინება საჭიროებას აჭარბებდა. ამ პირობებში შეუძლებელია ფინანსური კრიზისის გამოწვევა რუსეთზე დაწესებული სანქციებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დროებით“, - განაცხადა ეკონომისტმა ოლეგ იცჩოკიმ ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

128632181-gettyimages-1230288160-1676717490.jpg

იცჩოკს მოჰყავს სტატისტიკა: თუ ჩვეულებრივ წელს ბიუჯეტში ნედლეულის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის წილი არ აღემატებოდა 40%-ს, მაშინ 2022 წელს ის გაიზარდა ერთნახევარჯერ და დაახლოებით 60% შეადგინა”.

ამჟამინდელი სანქციების ერთ-ერთი არქიტექტორის, ბენ ჰარისის სიტყვებით, აშშ-ს ხაზინიდან "რუსეთმა თავად შექმნა კრიზისი და გამოიმუშავა ფული მასზე ".

თუ გავითვალისწინებთ, რომ სანქციების მთავარი მიზანი იყო ფართომასშტაბიანი ფინანსური კრიზისის პროვოცირება, რომელიც რუსეთს ომის დაფინანსების შესაძლებლობას ჩამოართმევდა, ამ ეტაპზე ეს არ მოხდა.

„სანქციები ხანგრძლივი თამაშია“, - აღნიშნავს იცჩოკი.

„შემდეგი მიზანი შეიძლება იყოს ბიუჯეტში ხვრელის გაკეთება, რაც გაართულებს სამხედრო ხარჯებს საშუალოვადიან პერსპექტივაში. ეტაპობრივად ეს უკვე ხდება, მაგრამ ეს ხდება ნელა და არა იმ მასშტაბით, რომ გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი ომის დაფინანსებაში“.

პუტინი ამბობს, რომ სანქციები ჩაიშალა. მართალია ის?

„ე.წ. ბლიცკრიგი, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩაიფიქრეს რუსეთთან მიმართებაში, ეკონომიკური ბლიცკრიგი, ის, რა თქმა უნდა, ჩაიშალა“, - ტრაბახობდა პუტინი თავის ერთ-ერთ მიმართვაში.

ეკონომიკური ვარდნა და ინფლაცია 2022 წელს მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა.

მაგრამ თუ შევადარებთ არა გასული გაზაფხულის პირქუშ პროგნოზებს, არამედ იმას, თუ როგორ იქნებოდა უკრაინაში შეჭრის გარეშე, სურათი არც ისე კარგი გამოდის. „12-წლიანი სტაგნაციის შემდეგ, 2022 წელი უნდა ყოფილიყო სწრაფი ეკონომიკური აღდგენის წელი პანდემიის შემდეგ და 3-4%-იანი ზრდისა და კიდევ უფრო მაღალი ნავთობის ფასებით. თუმცა, ამის ნაცვლად, ეს იყო რეცესია“, - აღნიშნავს იცჩოკი.

გამოდის, რომ რუსეთს უკვე გამოტოვებული აქვს კეთილდღეობის ზრდის 6-7%. და ეს მხოლოდ მშპ-ის კუთხით, რომელიც ითვალისწინებს როგორც რეკორდულ ექსპორტს, ასევე ომის ხარჯებს. ისინი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგრამ იმპორტი და ზოგადად მოხმარება შემცირდა.

შეაჩერებს თუ არა სანქციები ომს?

„სანქციების ეფექტი ყოველთვიურად გაიზრდება, - მიიჩნევს ეკონომისტი ვლადისლავ ინოზემცევი. მაგრამ ისინი არ შეაჩერებენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“.

"სანქციები მოქმედებს არა მაშინ, როცა გამოცხადდება, არამედ ძალაში შესვლიდან სულ მცირე ექვსი თვის შემდეგ. 2023 წლის ბოლოსთვის ჩვენ ნამდვილად ვიგრძნობთ ეფექტს", - თქვა მან დეკემბრის კონფერენციაზე "რუსული რეალობა-2022: პოლიტიკა, ეკონომიკა, სამოქალაქო საზოგადოება“.

"სანქციები არ შეცვლის პუტინის პოლიტიკას. რუსეთის ეკონომიკა შეიძლება დაიშალოს, მაგრამ პუტინის სურვილი, ესროლოს რაკეტები და საბრძოლო მასალა უკრაინას, არ გაქრება", - განაცხადა ინოზემცევმა.

128632410-1hi074872603-1676717536.jpg

"იმპორტის სანქციებმა შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური სტაგნაცია წლების განმავლობაში, მაგრამ არა მწვავე ფინანსური კრიზისი. იმისათვის, რომ კრიზისი იყოს, ფინანსური სანქციები უნდა იყოს შერწყმული საექსპორტო სანქციებთან და არა იმპორტთან".

როგორ შეცვალა სანქციებმა რუსეთის ადგილი მსოფლიოში?

128632414-gettyimages-1245480998-1676717561.jpg

პუტინი თავს დასავლეთის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის ლიდერად თვლის. მან უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას უწოდა "ამერიკის სტილის მსოფლიო წესრიგის რადიკალური რღვევის დასაწყისი". და ამავე დროს მან გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ დასავლეთმა საპასუხოდ სანქციები დააწესა.

შედეგი იყო კრემლის მზარდი იზოლაცია. პუტინს პირადად აეკრძალა დასავლეთში შესვლა - აღმოსავლელმა მეზობლებმა დაკარგეს მის მიმართ პატივისცემა: თუ ადრე პუტინი აგვიანებდა შეხვედრებზე როგორც აშშ-ს პრეზიდენტთან, ასევე რომის პაპთან, შემოდგომის სამიტზე სამარყანდში ის თავად ელოდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, თურქეთის პრეზიდენტს და ყირგიზეთის და აზერბაიჯანის ლიდერებსაც კი.

"სანქციები გაართულებს ან შეუძლებელს გახდის ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების განვითარებას, განსაკუთრებით არქტიკაში. სანქციების ეფექტი მაშინვე არ გამოჩნდება, მაგრამ მალე ის საკმაოდ შესამჩნევი იქნება", - წერს ფრანგი სანქციების სპეციალისტი აგატე დეზმარეც.

ომამდე რუსეთი იყო მსოფლიოში უდიდესი ენერგიის ექსპორტიორი. უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია კრემლის ნავთობისა და გაზის მოპოვების შემცირება. BP-ის შეფასებით, მთავარი რუსული პროდუქტის - ნავთობის წარმოება 2035 წლისთვის შემცირდება 7-9 მილიონ ბარელამდე დღეში, ცნობისთვის, 2019 წელს ეს რიცხვი 12 მლნ იყო. ეს დაახლოებით 13%-ით დაბალია გასული წლის ომისწინა პროგნოზთან შედარებით.

ბევრი ქვეყანა არ შეუერთდა სანქციებს. ჩაანაცვლებენ ისინი დასავლეთს?

128632416-gettyimages-1182167673-1676717612.jpg

არა, ვერ ჩაანაცვლებენ. დასავლეთი - მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 60%-ია, ჩინეთი - 20%-ზე ნაკლები, რუსეთი - 2%. აქედან გამომდინარეობს სამი მნიშვნელოვანი დასკვნა:

  1. ომამდე რუსეთი ვაჭრობდა მთელ მსოფლიოში. ახლა ნახევარი მსოფლიო მისთვის დახურულია და ეს არის მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ნაწილი, ინვესტიციების და ნოუ-ჰაუს წყარო. შეერთებული შტატების (მსოფლიო ეკონომიკის 25%) და ევროკავშირის (17%) ნაცვლად, რუსეთის მთავარი პარტნიორები ჩინეთის გარდა არიან ინდოეთი (3.5%), ახლო აღმოსავლეთი (5%), აფრიკა (3%) და თურქეთი (1%-ზე ნაკლები).
  2. ჩინეთი ბევრად უფრო დიდი, მდიდარი, უფრო აგრესიული და უფრო ახლოსაა, ვიდრე რუსეთის რომელიმე დარჩენილი პარტნიორი. მისი ეკონომიკა 10-ჯერ აღემატება რუსეთის ეკონომიკას და მისი დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ომამდელი ევროპის.
  3. ჩინეთის, ინდოეთის და სხვა განვითარებადი ქვეყნების კეთილდღეობა დამოკიდებულია დასავლურ ბაზრებზე, ტექნოლოგიასა და ფულზე წვდომაზე. ისინი არ არიან მზად რუსეთის გულისთვის დასავლეთთან ჩხუბისთვის და აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან მეორადი სანქციების ერთი საფრთხეც კი მათ კრემლთან ნებისმიერ კონტაქტში სიფრთხილეს აიძულებს.

დაზარალდა დასავლეთი თავისივე სანქციებით?

პუტინი ამბობს, რომ სანქციები დასავლეთის კიდევ ერთი შეცდომაა და ის მას ბუმერანგივით დაუბრუნდა.

„სანქციები დაწესდა ვენესუელაზე. სანქციები დაწესდა ირანზე, სანქციები დაწესდა რუსეთზე... ყოველ ნაბიჯზე ისინი უშვებენ შეცდომას, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ სანქციებს აწესებენ“, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

წყარო: BBC

ეკა დარჩიაშვილი