გიორგი აბაშიშვილი: არ შეიძლება, პრემიერი კმაყოფილი იყოს იმ სააგენტოს მუშაობით, რომელმაც საწვავის ფასების შესასწავლად 10-დღიანი ვადა 3 თვედ გადათარგმნა

არ შეიძლება, პრემიერ-მინისტრი კმაყოფილი იყოს იმ სააგენტოს მუშაობით, რომელმაც საწვავის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესასწავლად მიცემული 10-დღიანი ვადა 3 თვედ გადათარგმნა და მეტიც, საზოგადოებისთვის ინფორმაცია ჯერაც არ წარუდგენია, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში", კონკურენციის სააგენტოზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ სააგენტოსთან მიმართებაში საზოგადოებას კითხვები აქვს და პრეზიდენტიც სწორედ ამიტომ საუბრობს ამ თემაზე.  "როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა კონკურენციის სააგენტოს 18 დეკემბერს მისცა 10 დღიანი ვადა საწვავის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესასწავლად და მისი საზოგადოებისთვის წარდგენისთვის. ამავე დღეს, სააგენტოს ხელმძღვანელმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის საუბრობდა, რომ საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიაწვდიდა აღნიშნულ ინფორმაციას. მას შემდეგ გასულია საკმაოდ დიდი პერიოდი - სამ თვეზე მეტი, საზოგადოება კი ამ დასკვნას ისევ არ იცნობს. არა მგონია, პრემიერი კმაყოფილი იყოს საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს ამ ტემპით მუშაობით, როცა 10-დღიანი ვადა გადაითარგმნა 3 თვედ და ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის იქნება ეს ინფორმაცია წარმოდგენილი. ბუნებრივია, პირადად პრეზიდენტს კონკურენციის სააგენტოს დასკვნა არ სჭირდება. აქ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კონკურენციის სააგენტოს ეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხი დააყენა და განაცხადა, რომ ამ კუთხით კითხვის ნიშნები ჩნდება, სააგენტომ დღეს საკუთარ ვებ-გვერდზე მიმდინარე და დასრულებულ მოკვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა. "ამას, ბუნებრივია, მივესალმებით, რადგან პრეზიდენტის გამოსვლას მოუსმინეს", - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის მრჩეველმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კონკურენციის სააგენტოს ვებ-გვერდზე, რომელიც თითქმის ერთი წელია ფუნქციონირებს, გუშინდელ დღემდე მხოლოდ 4 ინფორმაცია იძებნება. "შესაბამისად, საუბრები სააგენტოს ეფექტურობასა და საზოგადოების ინფორმირებაზე, ზედმეტია", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.