შაჰდენიზიდან გაზის ექსპორტი იანვარში 13%-ით გაიზარდა

შაჰდენიზის საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა იანვარში 1,895 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით 12,6%-ით მეტია. ამის შესახებ „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში განუცხადეს.

ამჟამად შაჰდენიზის საბადოდან გაზის ექსპორტი საქართველოში, თურქეთსა და ევროპაში, კერძოდ, იტალიაში, საბერძნეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში ხორციელდება.

იანვარში მაგისტრალური გაზსადენებით ტრანსპორტირებული გაზის მთლიან მოცულობაში შაჰდენიზის საბადოდან ექსპორტის წილი 45,4%-ია.

აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით იანვარში ტრანსპორტირებული გაზის მთლიანი მოცულობა 4,178 მლრდ კუბური მეტრია, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 13,7%-ით მეტია.

2022 წელს შაჰდენიზის საბადოდან გაზის ექსპორტმა 20,803 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, რაც წინა წელზე 18,1%-ით მეტი იყო.

შაჰდენიზის საბადოს განვითარების ხელშეკრულება ბაქოში, 1996 წლის 4 ივნისს გაფორმდა, ხოლო 17 ოქტომბერს მილი მეჯლისის მიერ იქნა რატიფიცირებული. საბადოზე გაზის მოპოვება 2006 წლის დეკემბერში დაიწყო.

ამჟამად კონტრაქტის მხარეთა წილობრივი მონაწილეობა ასეთია: ოპერატორი კომპანია, BP - 29,99%, „ლუკოილი“ - 19,99%, TPAO - 19%, SOCAR - 14,35%, NICO - 10% და დახურული სააქციო საზოგადოება, Cenub Qaz Dehlizi - 6,67%.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ