რა მოცულობის თანხა აქვთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ბანკებში დეპოზიტებზე - მაჩვენებელი წლიურად თითქმის 272%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი 3.7-ჯერ, ანუ 271.8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.

კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 2 793 870 000 ლარის დეპოზიტი. აქედან, მიმდინარე ანგარიშებზე 534.84 მლნ ლარი, სხვა მოთხოვნამდე დეპოზიტებზე 1 599 270 000 მლნ ლარი, ხოლო ვადიან დეპოზიტებზე 659.76 მლნ ლარი.

რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს, ეროვნული ბანკის ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 751.35 მილიონი ლარის დეპოზიტი. აქედან, მიმდინარე ანგარიშებზე - 98.45 მლნ ლარი, სხვა მოთხოვნამდე დეპოზიტებზე - 202.9 მლნ ლარი, ხოლო ვადიან დეპოზიტებზე - 450 მლნ ლარი.

ამასთან, სებ-ის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, რუსეთის მოქალაქეების იმ ანგარიშების რაოდენობა, რომელზეც დაფიქსირდა დადებითი ნაშთი, შეადგენს 182.37 ათასს. აქედან, 19 ათასი არის მიმდინარე ანგარიშები, 140.81 ათასი სხვა მოთხოვნამდე დეპოზიტები, ხოლო 22.56 ათასი კი ვადიანი დეპოზიტებია.

„გიგზავნით რუსეთის რეზიდენტი პირების (ფიზიკური და იურიდიული) რაოდენობას, ვინც საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში გახსნა ანგარიში 2022 წლის პერიოდში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და პირთა ჯამური რაოდენობა მოიცავდეს დუბლირებულ მონაცემებს,“- აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.

თაია არდოტელი